Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველა პირობა ზედმიწევნით შესრულდა“ - „ქართული ოცნება“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კრიტიკას პასუხობს


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კრიტიკას „ქართული ოცნების“ სამი წევრი - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი ეხმაურება. მათი ერთობლივი განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა.

"ქართული ოცნების" დეპუტატები, როგორც 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერები, ისე ეხმაურებიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, და ამბობენ, რომ მოსამართლეთა დანიშვის პროცესის შეუჩერებლობა წინააღმდეგობაში არ მოდის 19 აპრილის მიშელის დოკუმენტის სახელით ცნობილ შეთანხმებასთან. და პირიქით, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პუნქტები ჩვენ - ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა უშუალოდ შევათანხმეთ საერთაშორისო პარტნიორებთან. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, უნდა „დაპაუზებულიყო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლომდე მიიყვანა დაწყებული პროცესი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები აპრილში სამი მოსმენით მიიღო.

„ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა: ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „დააპაუზა“ გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.

შესაბამისად, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამი დეპუტატი შემაშფოთებლად მიიჩნევს, რომ სტრატეგიულ პარტნიორს მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. „ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს“.

„შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცებით. ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“.

საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნას 15 ივლისს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. განცხადების თანახმად, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მედიაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებამ ხელმომწერ მხარეებს დააკისრა ვალდებულება, რომ სასამართლოში „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ შეეჩერებინათ მანამ, სანამ „სასამართლოს ამბიციური რეფორმა“ არ განხორციელდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის გზით.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებები, რომლებიც მოსამართლეთა დანიშვნას შეეხება, არის სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოსთვის განკუთვნილი გზავნილი. მისი თქმით, აღნიშნული გზავნილი აშშ-ის შეშფოთებას გამოხატავს და იგი ძალიან სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 12 ივლისს აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა, რომელსაც ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ:

  1. გოჩა აბუსერიძე: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
  2. გიორგი გოგიაშვილი: 79 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი;
  3. ლევან თევზაძე: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  4. რევაზ ნადარაია: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  5. ბიძინა სტურუა: 78 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  6. ლაშა ქოჩიაშვილი: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG