Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: აშშ-ის გზავნილი ძალიან სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებები, რომლებიც მოსამართლეთა დანიშვნას შეეხება, არის სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოსთვის განკუთვნილი გზავნილი. მისი თქმით, აღნიშნული გზავნილი აშშ-ის შეშფოთებას გამოხატავს და იგი ძალიან სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული.

სანქციები არის მრავალ შესაძლო ინსტრუმენტთაგან ერთ-ერთი, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის მიერ 6 მოსამართლის დანიშვნისა და მასზე აშშ-ის გამოხმაურებების საკითხის კომენტირებისას.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში ნახეთ, რომ ჩვენ ვართ ღრმად იმედგაცრუებულები იმით, რომ პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად ჩვენი ბევრი მოწოდებისა, რომ იგი დროებით შეჩერებულიყო. პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდნენ, რომ პროცესი უნდა შეჩერებულიყო, ინკლუზიური, მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე. ეს არ მოხდა. და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები, რომ მოსამართლეები დაინიშნენ. პარლამენტს შეეძლო პროცესის შეჩერება, მაგრამ ეს არ გააკეთა“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. მისი თქმით, განცხადებები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ გამოაქვეყნა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ნაჩქარევად არ გაკეთებულა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 15 ივლისს გამოაქვეყნეს განცხადებები, რომლებშიც ღრმა იმედგაცრუება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის მიერ 6 მოსამართლის დანიშვნის ფაქტით და საქართველოს ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს. ერთი დღით ადრე, 14 ივლისს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა და მას ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ:

  1. გოჩა აბუსერიძე: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
  2. გიორგი გოგიაშვილი: 79 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი;
  3. ლევან თევზაძე: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  4. რევაზ ნადარაია: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  5. ბიძინა სტურუა: 78 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  6. ლაშა ქოჩიაშვილი: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG