Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკითხვიდან გამოსული რამაზ გაგნიძე ამბობს, რომ პოლიციამ რამდენიმე სახლიდან იარაღი ამოიღო


"გამოძიება ძალადობის ორგანიზების მიმართულებით მიდის. მკითხეს, ვარ თუ არა ძალადობის მომხრე, რატომ მოხდა ძალადობა. ჩემი აზრით, რატომ მოხდა ფიზიკური ძალადობა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მე ვარ ფიზიკური და ასევე ფსიქოლოგიური, პროვოკაციული ძალადობის წინააღმდეგი. თქვენ ახორციელებდით ფსიქოლოგიურ ძალადობას და ამ ფსიქოლოგიურმა ტერორმა გამოიწვია ფიზიკური ძალადობა.

არ ვიცი, რატომ გაჩნდა ჩემს მიმართ კითხვები. მე არსად მიძალადია, არც ერთ ჟურნალისტთან, ოპერატორთან კონფლიქტური სიტუაცია არ მქონია", - ამბობს "ქართული მისიის" დამფუძნებელი რამაზ გაგნიძე თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. რამაზ გაგნიძე ამბობს, რომ დღეს პოლიციამ არაერთ სახლში ჩაატარა ჩხრეკა "ჟურნალისტების გულის გასახარად" და რამდენიმე მათგანიდან ამოიღო იარაღი, რომლის ტარების უფლებაც მათ პატრონებს ჰქონდათ, შესაბამისად, გაგნიძე მიიჩნევს, რომ პოლიციას სხვადასხვა ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დანაშაულის კვალი არ უპოვია.

რამაზ გაგნიძის თქმით, 5 ივლისს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს ერთი ორგანიზატორი არ ჰყოლია.

"მასშტაბური ძალადობის ორგანიზებას ჩვენ ნუ გავუსვამთ ხაზს. ეს იყო პატრიარქის და მეუფეების კურთხევით ორგანიზებული. ძალადობას არ ვეთანხმები. არ არსებობდა მასშტაბური ძალადობის ორგანიზება. ორგანიზატორი იყო ქართველი ხალხი. ჟურნალისტები, ოპერატორები და ტელევიზიები არ იღებთ პასუხისმგებლობას, ფსიქოლოგიურად რომ ძალადობდით? თქვენ ძალადობდით ფსიქოლოგიურად და ტერორში გყავდათ ხალხი. მე და გია კორკოტაშვილი ვიჯექით პირველ სკოლასთან, ვინც დამინახა იქ, ახსოვს კარგად, კონკრეტულად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე", - ამბობს რამაზ გაგნიძე.

დღეს დილიდან პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს პირებთან, რომლებიც 5 ივლისს ჰომოფობიური აქციის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული.

მოძალადე ჯგუფების საინფორმაციო ინტერნეტპლატფორმა "ალტ-ინფო" ავრცელებს იმ პირთა სიას, რომლების გამოკითხვაც პოლიციის მიერ დღეს მიმდინარეობს:

  • ზურა მახარაძე
  • შოთა მარტინენკო
  • ირაკლი ყიზილაშვილი
  • კონსტანტინე მორგოშია
  • გიორგი ქარდავა
  • თემურ ბოკელაძე
  • რამაზ გაგნიძე
  • ბექა ბერიშვილი
  • ლევან ჩაჩუა
  • გიგა გიმზერიძე
  • ონისე ბრეგვაძე
  • ელგუჯა იაშაღაშვილი
  • გიორგი მახარაშვილი
  • ონისე ბერაძე
  • ბექა ბრეგვაძე
  • ზურა არველაძე
  • ალექსანდრე ფალავანდიშვილი
  • გურამ ფალავანდიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს იმ პირების ვინაობას, ვინც პოლიციას დღეს ჩვენებას აძლევს, თუმცა ადასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები 10-ზე მეტ პირთან ტარდება და ამ დროისთვის არც ერთი მათგანი ჯერ დაკავებული არ არის.

5 ივლისს, მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათ შორის 53 ჟურნალისტი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებმა ხელი შეუწყო ძალადობრივი ჯგუფების აგრესიულ გამოსვლებს.

XS
SM
MD
LG