Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავიდეს


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ,,ქართული ოცნების” წევრების გადაწყვეტილებას, არ მისცენ კომენტარი იმ 4 ტელევიზიას, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, მედიის და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

„დეპუტატისა და ,,ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის - შალვა პაპუაშვილის თქმით, მაუწყებლებს კომენტარს მანამ არ მისცემენ, სანამ ,,უზნეო კამპანია” იქნება. მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას“, - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი სწორედ მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა იყო.

„საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

მმართველ პარტიას შევახსენებთ, რომ ხელისუფლება ვალდებულია ემსახუროს და იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. მედია კი უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას ხალხის წინაშე. აღნიშნული ვალდებულება მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად წინასაარჩევნო პერიოდში იძენს“, - ნათქვამია განცხადებაში. ქარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მისამართით აგრესიული რიტორიკა და გადავიდეს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში.

თბილისში საქართველოს პარლამენტის წინ დღეს 18 საათზე მედიასაშუალებების ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის მოთხოვნები უცვლელია, გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯონ 5-6 ივლისს დედაქალაქის ქუჩებში მომხდარი ძალადობის მონაწილეები და ორგანიზატორები.

მედიის სოლიდარობის პირველი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ 11 ივლისს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხონით მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის წინ 12 ივლისსაც შეიკრიბნენ. 13 ივლისს, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს კი პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტეს ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, TV პირველმა“, „ფორმულამ“ და "კავკასიამ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG