Accessibility links

site logo site logo

დე ფაქტო პარლამენტში არაერთი ინფიცირებულია, „დეპუტატებს“ შვებულებაში უშვებენ


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის შენობა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თანამშრომლების დიდი ნაწილი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ ოსურ მედიას დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ალან ტადტაევმა, უთხრა. მისი გადაწყვეტილებით პარლამენტის დეპუტატები დაგეგმილზე უფრო ადრე, ივლისის ბოლოს, გავლენ შვებულებაში. დე ფაქტო პარლამენტი ახლა შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს, რადგან თანამშრომელთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები სახლში გაუშვეს და თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს. ალან ტადტაევმა განაცხადა, რომ მთლიანად დახურულია ოთხი კომიტეტის ოფისი.

„პარლამენტის აპარატში მოსამსახურეთა დიდი ნაწილი კოვიდ-19-ით დაავადდა. ოთხი ოფისის დახურვა მოგვიხდა. დღეს საკანონმდებლო ორგანოს არ შეუძლია სრულად იმუშაოს, ვერ განვიხილავთ იმ კანონპროექტებს, რომლებზეც მუშაობა დაწყებული გვქონდა, რადგან ბევრი დაავადებულია ”, - აღნიშნა ტადტაევმა სააგენტო „რესთან“ საუბარში.

დე ფაქტო პარლამენტში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ექიმმა-რეანიმატოლოგმა ალექსანდრ პლიევმა განაცხადა, რომ რთული ვითარების გამო თანამშრომლები დაითხოვეს.

იურიდიულ განყოფილებაში რამდენიმე ადამიანი დაავადდა. განყოფილების უფროსი მძიმედ იყო ავად, ახლა ის უკვე უკეთესადაა. პარლამენტის სხვა განყოფილებებში ორი ან სამი ადამიანი დაავადდა, ამის გამო სამუშაო შეფერხდა. არ ვიტყვი, რომ ეს იყო რაიმე სახის სერიოზული აფეთქება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს კონსულტანტებსა და სპეციალისტებს შორის ბევრი ასაკოვანი ადამიანია. შემოვიღეთ შეზღუდვები, რათა თავიდან ავიცილოთ რისკები. არიან ისეთი სპეციალისტები, რომლებთანაც დისტანციური მუშაობა შეუძლებელია. ისინი ადგილზე არიან საჭირო, როდესაც კანონპროექტის ფორმირება ხდება. ახლა ბევრი კანონპროექტია დაგროვილი, რომლებიც შვებულებამდე, სესიაზე უნდა გავიტანოთ”, - უთხრა „ეხო კავკაზას“ ალექსანდრ პლიევმა.

დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი, ალან ტადტაევი, ამბობს, რომ „დეპუტატებმა“ კენჭი უნდა უყარონ ვადამდე ადრე „პარლამენტარების“ შვებულებაში გასვლას.

იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, პარლამენტის არდადეგების საკითხს პარლამენტის სხდომაზე გავიტანთ. ამ თვის ბოლოს დეპუტატების კორპუსის შვებულებაში გაშვებას ვაპირებთ და შემდეგ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გადავწყვეტთ, როდის შეძლებს პარლამენტი სრულფასოვანი მუშაობის გაგრძელებას”.

ექიმი ალექსანდრ პლიევი ამბობს, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობა მინიმალურია. პარლამენტი სხვებს მაგალითს უნდა აძლევდეს, მაგრამ ექიმების რეკომენდაციებს არც აპარატის თანამშრომლები ითვალისწინებენ და არც დეპუტატები.

მე გამოვდივარ ტელევიზიით და სხვა მედიასთან ინტერვიუშიც არაერთხელ ვთქვი, რომ აუცილებელია ვაქცინაცია და პირადად მივმართავ ჩემს კოლეგებს. ამის მიუხედავად, პარლამენტი ვაქცინაციის პირველ რიგებში არ დგას, შესაძლოა ბოლო ადგილზეც კი იყოს. სამწუხაროდ, დეპუტატებს არ აქვთ ისეთი დისციპლინა, რომ მასობრივად წავიდნენ და აიცრან, - განაცხადა პლიევმა.

ცხინვალში უკვე ლაპარაკია იძულებითი, სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფექციური საავადმყოფოს კოვიდგანყოფილების 90 საწოლი მთლიანად შევსებულია. დე ფაქტო ხელისუფლებამ შემზღუდავი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო, თუმცა ამ ღონისძიებების გამკაცრებაზეც მიმდინარეობს მსჯელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG