Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია წერილი მიტროპოლიტ შიოს


პირველ რიგში, მაპატიეთ, რომ თქვენი მისამართით სიტყვა „მამაოს“ არ ვიყენებ. მამა მე ერთი მყავდა და სხვას ამ სახელით ვერ მივმართავ...

ბატონო შიო, 6 ივლისს თქვენ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, გამოხვედით წინადადებით, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად დაიწყონ მსჯელობა კანონის საშუალებით „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ თავიდან აცილებაზე.

მე, როგორც საზოგადოების ნაწილმა, გადავწყვიტე ჩემი ფიქრები ამ თემაზე ღიად გაგიზიაროთ.

თქვენ ჩემზე უკეთესად გახსოვთ, რომ თვით იესო ნაზარეველს დასდებენ ბრალს ღმერთის წინააღმდეგ მკრეხელობაში და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში (მარკოზი 14, 63-64). ხომ გახსოვთ, მღვდელმთავარი როგორ შემოიხევს ტანისამოსს (რაც ზუსტად ღვთისგმობაზეა პირდაპირი რეაქცია) და როგორ დაადანაშაულებს იესოს? ასე რომ, ცუდი პრეცედენტი ჯერ კიდევ ოცი საუკუნის წინ შეიქმნა და ღირს გარისკვა, მისი თავიდან გამეორება?

ხომ არ ჯობს კანონმა დაიცვას ტაძრები, რელიგიის მსახურები, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, თქვენ, მე და ა.შ.? რა უნდა დარჩეს დაუცველი? ალბათ, ღმერთი, თავად რელიგია, მისი დოგმები და მორწმუნეთა გრძნობები. დავუტოვოთ რელიგიას მისი შეურაცხყოფის უფლება, რადგან როგორ დავიცავთ ღირსეულად იმას, რისი კრიტიკაც არ შეიძლება? ღმერთს კი დაცვა რად უნდა? თავს ხომ თვითონაც კარგად იცავს?!

ხოლო რაც შეეხება გრძნობებს, მათ შორის რელიგიურს, - პატივისცემა ხომ მაშინ არის ფასეული, როდესაც ის საკუთარი ნებით არის აღიარებული და არა კანონმდებლების მიერ თავსმოხვეული?! თუ დღეს თქვენ უმრავლესობის სახელით აცხადებთ, რომ საჭიროა „რელიგიური გრძნობების“ იურიდიულად დაცვა, ხომ შეიძლება ხვალ ისეთი უმრავლესობა მოვიდეს, რომელიც დაიჟინებს საკუთარი, დავუშვათ, „ათეისტური გრძნობების“ დაცვას? და საერთოდ, სიტყვა, ზეპირი ან დაწერილი, შეიძლება იყოს დანაშაული, თუ ის არ არის პირდაპირ კავშირში ქმედებასთან? ისეთ ქმედებასთან, როგორიც, მაგალითად, 5 ივლისს თქვენმა თანამოაზრეებმა ჩაიდინეს?

მე მესმის, რომ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს მძიმე ჟამი დაგიდგათ... ვინ წარმოიდგენდა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რუსთაველის პროსპექტზე ტრანსპარანტს სიტყვებით „საპატრიარქო ყარს!“. ისიც მესმის, რომ ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის კომპლექსითაა დაავადებული დღეს საპატრიარქო... მაგრამ ამ ფენომენს ობიექტური მიზეზები აქვს. ვუყურებთ რა ბოლო წლების ისტორიას, ჩვენს თვალწინ საპატრიარქოს მარცხისა თუ წარუმატებლობის დიდი სურათი იშლება: მრევლი ყოველდღე გაკლდებათ (და არამარტო პროტესტანტული ან კათოლიკური კონფესიების ხარჯზე), ხოლო საპატრიარქოსა და პატრიარქის ავტორიტეტი შაგრენის ტყავივით მცირდება. ალბათ, იმასაც ხვდებით, რომ თქვენი ინსტიტუციის ავტორიტეტის უკანასკნელი ნამცეცები პატრიარქის სუსტ ლურსმანზე კიდია, რომლის ჩამოვარდნაც კაფერნაუმს ბაბილონად გადააქცევს.

ასე რომ, სანამ ეს ლურსმანი ჩამოვარდნილა, იქნებ დაგეწყოთ ავგეას ბოსლების და თავლების წმენდა? იმიტომ რომ ლურსმნის ჩამოვარდნის შემდეგ უკვე ძალიან გვიან იქნება. თქვენ კარგად იცით, რომ ლურსმნის ჩამოვარდნის შემდეგ ძალაუფლებისათვის დიდი ბრძოლა დაიწყება საპატრიარქოში. ისიც კარგად იცით, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება სუს-ი (და მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამ დროს მთავრობაში), მის ხელთ არსებული კომპრომატების საშუალებით. ეს ყველაფერი თქვენივე მრევლის თვალწინ მოხდება და მასში მხოლოდ განხიბლვისა და გაწბილების ახალ ტალღას გამოიწვევს. ასე რომ, იჩქარეთ, გაწმინდეთ ბოსლები, სანამ ნიაღვარს თქვენ თვითონ არ წაულეკიხართ.

თქვენ, ალბათ, კარგად გახსოვთ ჰომეინის 1979 წლის ისლამური რევოლუცია. და სად დგანან დღეს, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ირანელები? ხომ ხედავთ, რომ ჰომეინის მიერ ისლამიზაციის მცდელობამ გააჩინა საზოგადოება, სადაც კლერიკალური პრინციპი აბსოლუტურად დისკრედიტირებულია?! ხომ ხედავთ, რომ ისლამურმა თეოკრატიამ საპირისპირო შედეგი გამოიღო?! რატომ გგონიათ, რომ საპატრიარქოს შეტევები სეკულარიზმზე - და თქვენი წინადადება ზუსტად ასეთი ტიპის ქმედებაა - უკუეფექტს არ გამოიწვევს? ასე რომ, სეკულარიზმთან ბრძოლის ნაცვლად იმაზე იფიქრეთ, საპატრიარქო 21-ე საუკუნეში როგორ გადაიყვანოთ.

დიდი ხანია, რაც საპატრიარქო გაქვავებულია. ამის გამო თქვენი ინსტიტუტი ვერ ფლობს საკუთარ ბედს და, შესაბამისად, თანამედროვე სამყაროსთან ადაპტაციის უნარი არ გააჩნია. „სოციოლოგიური ეკლესიის“ ეპოქა, - როდესაც „რელიგიურობა“ გადაეცემოდა თაობიდან თაობაში სოციალური გარემოს საშუალებით, - დიდი ხანია, წავიდა. თუ თქვენ საპირისპიროს ფიქრობთ და უკანსაკნელი წლების ზოგიერთი თქვენთვის სასარგებლო მომენტი გახსენდებათ, იცოდეთ, რომ ეს, უბრალოდ, „ქანქარას ეფექტი“ იყო კომუნისტური ეპოქის „კლინიკური სიკვდილის“ შემდეგ.

„სოციოლოგიური ქრისტიანობის“ გაქრობა არ ნიშნავს რწმენის გაქრობას. თანამედროვე საზოგადოებაში რელიგია ვეღარ იქნება კოლექტიური ცხოვრების რეგულატორი, რომლის მიზანიც არის მარხვა, მარხვა და არაფერი გარდა მარხვისა. ინდივიდუალიზმის ეპოქაში თქვენ მრევლს ინდივიდუალური რწმენა უნდა შესთავაზოთ. ამასთან ერთად, 21-ე საუკუნეში რწმენა არა იერარქის პატივისცემაზე, არამედ ინდივიდუალურ, სულიერ თანაზიარებაზე უნდა იყოს დამყარებული. და რაც მთავარია, იჩქარეთ, ვინაიდან დროის უკუთვლა, უკვე დიდი ხანია, რაც დაწყებულია.

„ნუ გეშინიათ“, - ალბათ, გახსოვთ, რომ ეს სიტყვები თეთრი ძაფივით გასდევს ბიბლიას (365-ჯერ არის ნახმარი). მეც ამ სიტყვებით მინდა დავასრულო ეს წერილი: ნუ გეშინიათ! განთავისუფლდით ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის კომპლექსისგან! გარწმუნებთ, რომ თქვენ მაშინ იქნებით აღქმული ძლიერად, როცა საკუთარ ინსტიტუციაზე სიცილს შეძლებთ. სიცილი ხომ სიძლიერის ნიშანია? უნარი სიცილისა თქვენი ორგანიზაციის გარკვეულ მახასიათებლებზე მხოლოდ ამ ინსტიტუციის პატივისცემას გამოიწვევს უცხო თვალში.

დაბოლოს: გახსოვთ, უწინ მეზღვაურები ბოთლში რომ დებდნენ წერილს და ოკეანეში ისროდნენ? მეც ასე ვიქცევი და თუ შემთხვევით დინებამ ეს ბოთლი თქვენს სანაპიროზე გამორიყა, მოხარული ვიქნები თქვენი პასუხი ვიხილო.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG