Accessibility links

site logo site logo

დააკავეს „ტვ პირველის“ ოპერატორზე თავდამსხმელი კიდევ 1 პირი


შსს-ს თანახმად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ. გ. დააკავეს.

საუბარია "ტვ პირველის" ოპერატორზე, რომელზე თავდამსხმელ 1 პირსაც 17 ივლისს პატიმრობა შეეფარდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა, 14 ივლისს, 1988 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს, რომელმაც „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

"ტვ პირველის" ოპერატორზე თავდასხმისთვის შსს-მ მანამდე 3 პირი დააკავა.

პროკურატურის თანახმად, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზე ძალადობისთვის ბრალი წარედგინა 24 პირს, დაზარალებულად ცნობილია 41 ადამიანი. მათ შორისაა 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ერთი კვირაა არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვენ.

ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებდა მის კავშირზე ნარკოტიკებთან, ინტერნეტში კი გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.

ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ხუთი ბრალდებული, ოთხ მათგანს უკვე პატიმრობა შეეფარდა.

5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის - 53 ჟურნალისტი.

მომხდარის გამო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა, საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG