Accessibility links

site logo site logo

პარლამენტში შესვლის მსურველ ჟურნალისტებს პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს


პარლამენტის უკანა შესასვლელთან რამდენიმე ათეული ჟურნალისტი იმყოფება, რომლებიც სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველები, პარლამენტის მიერ მიღებული უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების თანახმად, მათ შესვლის უფლებას არ აძლევენ.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მათ სურთ, შს მინისტრს, რომელიც დღეს პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ მოხსენებით გამოვა, კითხვები დაუსვან.

„ათამდე ჟურნალისტის მოსვლამ შეაშინა პრემიერ-მონისტრი, შს მინისტრი და მთელი მთავრობა, რა უნდა გავაკეთოთ ისეთი, რომ შეეშინდათ ჩვენი შეშვება, შეგვიძლია მხოლოდ შეკითხვები დავსვათ, მაგრამ შიში ოხერია“, - უთხრა ჟურნალისტებს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

„ფორმულას“ ჟურნალისტის ვახო სანაიას თქმით, არის არაერთი შეკითხვა, „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

„ლექსოს საქმეზე ვიდეო არის დიდი ალბათობით გაყალბებული, შსს-ს კადრებში მიაწერეს დრო“, - განაცხადა ვახო სანაიამ. ის საუბრობს იმ ვერსიაზე, რომლის თაობაზეც „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში ითქვა. სიუჟეტის თანახმად, შესაძლოა, შს სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები არ ასახავდეს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების იმ თარიღებს, რომელზეც გამოძიება საუბრობს.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან მყოფი „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მათ პოლიციამ განუმარტა, რომ დღეს მოქმედი რეჟიმის გამო პარლამენტში ვერ შეუშვებს.

„პოლიციელმა გულწრფელად გვითხრა, რომ რეჟიმია ისეთი, რომ ვერ გვიშვებს. გულწრფელი მადლობა, რადგან ჩვენი მოსაზრებაც ესაა, რეჟიმია ასეთი. ჩვენი მთავარი კითხვაა - რატომ არ სჯის მოსამართლეებს გომელაური. თუ შსს მინისტრი ვერ გვიცავს, წავიდეს სახლში“, - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

პარლამენტს გარეთ იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი დეპუტატებიც.

გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ხელში მდუმარე აქცია გამართეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ ფოიეში მყოფმა ჟურნალისტებმაც. მათ სურდათ, ბიუროს სხდომიდან დარბაზისკენ მიმავალ დეპუტატებს ჟურნალისტების პროტესტი ენახათ.

საქართველოს პარლამენტის განცხადების თანახმად, 18 ივლისს პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე შესვლის მსურველთათვის შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, რისი მიზანიც „შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტის შენობის წინ 17 ივლისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტები 18 ივლისს 12 საათიდან შეიკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენაა დაგეგმილი. ვახო სანაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს საპროტესტო აქციის ტრიბუნიდან მიმართა, მისცეს ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლის საშუალება.

ერთი კვირაა არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვენ.

ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებდა მის კავშირზე ნარკოტიკებთან, ინტერნეტში კი გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.

ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ხუთი ბრალდებული, ოთხ მათგანს უკვე პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის თანახმად, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.
ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტი.

მომხდარის გამო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა, საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG