Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ბოკუჩავას თქმით, საზოგადოებას მხოლოდ გომელაურის და ღარიბაშვილის გადადგომის მოსმენა სურს


"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ, შს მინისტრს მიმართა, რომ ის არის იმ ველურების თანაგუნდელი, რომელთა ძალადობასაც შეეწირა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, თინა ბოკუჩავას თქმით, საზოგადოებას ახლა მხოლოდ იმის მოსმენა სურს, რომ გადადგა შს მინისტრი ვახტან გომელაური და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ერთადერთი პასუხი, რომელიც საზოგადოებას სურს, რომ მოისმინოს გომელაურისგან და ერთადერთი განცხადება, რომელიც საზოგადოებას უნდა, რომ მოისმინოს თქვენგან, ბატონო ვახტანგ, არის ის, რომ თქვენ გადადექით და გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც წაახალისა ძალადობა. რაც არ უნდა „აბრაგუნოთ“ და როგორ ველურებივით არ უნდა იქცეოდეთ, ახლა თქვენ ამხელთ თქვენს სახეს, რომ სწორედ იმ ველურების თანაგუნდელები ხართ, რომლებმაც მოკლეს ლექსო ლაშქარავა. მაინც ვერ გაგვაჩუმებთ. ვერ გააჩუმებთ მედიას, ვერ გააჩუმებთ ჟურნალისტებს და ვერ გააჩუმებთ საქართველოს, რომელსაც არ სურს ძალადობა ამ ქვეყანაში, რომელსაც არ სურს, რომ პროპუტინისტური ჯგუფები წახალისებულები იყვნენ ხელისუფლების მიერ. ასე რომ, დიახ, გვინდა განხილვაში მონაწილეობის უფლება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან ჩავიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტენ, გაგრძელდეს სხდომა თუ გადაიდოს შემდეგისთვის.

ვახტანგ გომელაურმა მხოლოდ მისალმება და ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო წუხილის გამოთქმა მოასწრო.

შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატების წინაშე გამოდიოდა 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

პარალელურად, პროტესტს აგრძელებენ ჟურნალისტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით არიან მისულნი.

პროტესტი გრძელდება პარალმენტის შენობის გარეთაც, სადაც ის სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები დგანან, რომლებიც პარლამენტში ვერ შევიდნენ მის ტერიტორიაზე „შესაძლო პროვოკაციების პრევენციის“ მიზნით, დღეს მოქმედი შეზღუდული რეჟიმის გამო.

5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსულ ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის საკითხი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა. საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდანაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG