Accessibility links

site logo site logo

ვახტანგ გომელაურის მოსმენა გადაიდო


შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 18 ივლისს პარლამენტში აღარ მოუსმენენ. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სხდომის გადადების მიზეზად ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი დასახელდა:

„მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლებაც ჰქონდათ. თუმცა, სამწუხაროა, როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა და დღესაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულებაა, გაშუქდეს სესიის სხდომა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს არა მხოლოდ კონსტრუქციულ ფარგლებში იმ კითხვების და პასუხების მოსმენას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. დაყენებული იქნა საკითხი უმრავლესობის მხრიდან, რომ ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება ნამდვილად არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა, ამიტომ დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად და საკითხზე ვიმსჯელებთ სხვა რიგგარეშე სხდომაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის რიგგარეშე სხდომაზე 18 ივლისს უნდა მოესმინათ.

პარლამენტში მისულ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან ჩავიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

პარალელურად, პროტესტს აგრძელებდნენ ჟურნალისტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ და სხდომათა დარბაზში გადმოფინეს ბანერები წარწერით „დასაჯეთ დამნაშავეები“.

ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია ჯერ კიდევ 5 ივლისამდე ითხოვდა, პარლამენტარებს სურდათ მისგან მოესმინათ, როგორ აპირებდა "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოების წევრების დაცვას სახელმწიფო.

5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალიsტური, პრორუსულ ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის საკითხი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა. საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდანაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG