Accessibility links

site logo site logo

კიდევ რამდენიმე ნაბიჯი, და ფსკერზე აღმოვჩნდებით. სად ვხედავ გამოსავალს - მიმართვა თანამოქალაქეებს


ლანა ღოღობერიძე

ავტორი: ლანა ღოღობერიძე

ჩემი - საქართველოს ერთი მოქალაქის - მიმართვა

თანამოქალაქეებისადმი მგონია, რომ ამის უფლებას უზომოდ ბევრი განვლილი წელი და მრავალმხრივი გამოცდილება მაძლევს. და ამ უფლებით შეიარაღებული მოგმართავთ ყველას, იმათაც, ვინც ხშირად ეთანხმება ჩემ შეფასებებს და იმათაც, ვინც პუტჩისტს მეძახის და ბიბლიის წაკითხვას მირჩევს; იმათაც, ვისთვისაც უძვირფასესია ადამიანთა თანასწორობის და ძმობის იდეები და იმათაც, ვინც ადამიანთა ერთ ჯგუფს ქვეყნის დამაქცევრად მიიჩნევს.

მინდა გავითვალისწინოთ, ყველამ ერთად, რომ ბოლო დღეებში ამ - ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულმა პოზიციებმა პირდაპირ უფსკრულთან მიგვიყვანა. ვფიქრობ, ყველას უნდა შეშინებოდა ამ უფსკრულში გადაჩეხვის. ჩვენ ხომ ყველანი ერთად ერთი პატარა, უნათესაო, ისტორიულად მარტოობისთვის განწირული ერის შვილები ვართ!

ნურავინ იფიქრებს, რომ ეს გადაჭარბებაა!

ჩვენს თვალწინ მოხდა თავისუფალ აზრზე ძალადობის ისეთი არნახული აქტები, როგორიც იყო ევროპის დროშის ორგზის ჩამოგლეჯა, ჟურნალისტებზე გამიზნული თავდასხმა და ბოლოს, მედიის სიმბოლოს - მოქმედი ოპერატორის სიკვდილი. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი, და სადღაც ფსკერზე აღმოვჩნდებით. ისე გადაგვყლაპავს ჩვენი დიდი, “ერთმორწმუნე” მეზობელი, რომ აღარასდროს აჟღერდება ჩვენი მრავალხმიანი საგალობლები, აღარავის აუჩქარდება გული სვეტიცხოველის თუ ჯვრის მონასტრის დანახვაზე, არც ხორუმის რიტმი ააღელვებს ვინმეს! რამდენი ცივილიზაცია აღგვილა ასე პირისაგან მიწისა...

მაგრამ ჩვენთვის ამასთან შეგუება შეუძლებელია!

იმიტომ რომ გამოსავალი ჩვენს ხელთაა!

და ეს გამოსავალი ერთადერთია: გვერდზე გადავდოთ ერთმანეთის სიძულვილი და მტრობა! ნუ დავუძახებთ ნურავის მკვლელს და მოღალატეს! დავფიქრდეთ იმაზე, რა გვაერთიანებს.

ასე ამბობდა პოეტი, რომელიც ყველას გვიყვარს:

...”რომ მომავალშიც ავიტან მრავალს

უიმედობას, წყურვილს, სიცივეს,

ჩემი სამშობლოს სანახავიდან

ოღონდ ვხედავდე შუქს მოციმციმეს”...

სამშობლოს სანახავიდან დანახული მოციმციმე შუქი - ჩვენი გაერთიანებული, თავისუფალი, დემოკრატიული, განათლებული, თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული, უსაფრთხო და ბედნიერი ქვეყანაა. ქვეყანა, საიდანაც არავინ არ გარბის...სადაც გიხარია არსებობა... ქვეყანა, რომელიც ხედავს საკუთარ თავს საერთო კონტექსტში... ეს კონტექსტი - დიდი, დემოკრატიული, ერთა თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული, ევროპული ერთობაა.

ეს არის ის მოციმციმე შუქი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ასულდგმულებდა ერის ჭეშმარიტ გზისმკვლევს -ილიას... ევროპულ ერთობაში მყარი ადგილის დამკვიდრება - ეს არის ჩვენთვის ერთადერთი შესაძლებლობა ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობის დაძლევისა. ამას გრძნობდნენ, შეგნებულად თუ ინტუიტურად, საქართველოს მოქალაქეები, როდესაც მოსახლეობის 80-მა პროცენტმა ხმა მისცა ევროპულ გზას.

ეს არის ის ჭეშმარიტი, და არა გამოგონილი უმრავლესობა, რომლის მოშველიებითაც არაერთხელ გაკეთებულა ბნელი საქმე. (ვინ დაასაბუთა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იტანს სხვაგვარს, განსხვავებულს?)

წლების მანძილზე ევროპის სხვადასხვა ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად მუშაობისას მე რეალურად დავინახე, რა სიკეთის მომტანია ყველასთვის ღირებულებებზე დამყარებული, ერთა თანამედროვე ერთობა და საერთაშორისო სამართალი - მე-20 საუკუნის უდიდესი მონაპოვარი. რა დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ ურთულესი გადაწყვეტილებების მიღებისას ერთიბეწო ანდორას და უძლიერეს გერმანიას თითო ხმა აქვთ, ანუ ერთნაირი უფლებები. და რომ დღეს ამ ერთიანი ფასეულობებით გაერთიანებულ ქვეყნებში რეალურად მოქმედებს საყოველთაო საერთაშორისო სამართალი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე გამომუშავებულ ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს ასახავს და ქრისტიანობის უმთავრეს პოსტულატს - მოყვასის სიყვარულს ეხმიანება.

მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყანა მიერთებულია საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითად კონვენციას და რომ საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა აღიარებს ამ იდეებს.

და აი დღეს საფრთხე სწორედ ამ მთავარ იდეებს დაემუქრა.

სად ვხედავ გამოსავალს?

პრინციპების დონეზე თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ პრაქტიკულად? დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ჩვენმა ქვეყანამ ვერ გადალახა საბჭოთა სისტემის ყველაზე მანკიერი მემკვიდრეობა - ერთპარტიული მმართველობა. ერთი პარტიის დომინირება პოლიტიკურ ცხოვრებაში თავისთავად შობს უთანასწორობის განცდას, შეურიგებლობას, კერპთაყვანისმცემლობას, რასაც საბოლოოდ უფსკრულამდე მივყავართ. ეს კანონზომიერი პროცესია და ის განსაკუთრებით ნათლად იკვეთება ახლად ფეხადგმული დემოკრატიის ქვეყნებში. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაც ამ პოსტულატს ადასტურებს: ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულმა ხელისუფლებებმა კრახით დაასრულეს თავიანთი მმართველობა სწორედ იმის გამო, რომ განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობდნენ.

და დღეს ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ, და იქნებ საბოლოოდ, დგას გზისგასაყარზე. შევძლებთ უფსკრულიდან ამოსვლას, თუ ჩავიჩეხებით?

მე ღრმად, მთელი ჩემი არსებით მჯერა თავისუფალი პიროვნების, ინდივიდის. ჯგროდ გაერთიანებული, ინსტიქტებს აყოლილი მასის კი არა, არამედ თავისუფალი ინდივიდების ერთობის.

აქედან მომდინარეობს ჩემი მიმართვა თანამოქალაქეებისადმი: გავიაზროთ, რომ ვდგავართ საბედისწერო გადაწყვეტილების წინ.

ჩვენზეა დამოკიდებული, სად აღმოვჩნდებით ხვალ: საბჭოთა ჭაობში თუ თავისუფალ სამყაროში. თავისუფალი სუნთქვისთვის ერთი რამ არის აუცილებელი: გვერდზე გადავდოთ ერთმანეთთან ქიშპი და შეურიგებლობა, ზოგჯერ - სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება. გავიაზროთ, რომ რამდენიც გინდა ვეომოთ ერთმანეთს, მაინც ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ახლა ეს არის მნიშვნელოვანი. ახლა მთავარია გვახსოვდეს, რომ მიზანიც საერთო გვაქვს ყველას და საფრთხეც საერთო. თუ გონს არ მოვეგებით და გადავიჩეხებით, ყველა ერთად.

ამიტომ, თუ არ გვინდა უკან დაბრუნება და საბჭოთა ჭაობში ჩაძირვა, ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას, რომელიც იმპერატიულად გვკარნახობს: დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა ვერ აშენდება იქ, სადაც მთელი ძალაუფლება ერთ პარტიას აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი უნდა იყოს: სამუდამოდ დავძლიოთ ტოტალიტარული მემკვიდრეობა ჩვენს მენტალიტეტშიც და პრაქტიკაშიც, აღარასდროს მივანიჭოთ განუსაზღვრელი უკონტროლო ძალაუფლება ერთ პარტიას. საერთო ძალისხმევით შევქმნათ პროდასავლური კოალიციური მთავრობა, სადაც იქნება კამათიც, დაპირისპირებაც, მაგრამ, როგორც აუცილებლობა, კონსენსუსისკენ სწრაფვა და რაც მთავარია, ურთიერთკონტროლი.

რაც, საბოლოოდ, არის პროგრესის, განვითარების და კეთილდღეობის საწინდარი.

ამის უტყუარი მაგალითებია ის ქვეყნები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენთან ერთად შედიოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და დღეს ევრო-კავშირის და ევრო-ატლანტიკური ბლოკის თანასწორუფლებიანი, თავისუფალი და განვითარებული წევრები არიან.

ჩემო თანამოქალაქენო! მინდა გითხრათ, რომ ამ წუთას ეს ისე იოლად მისაღწევი მეჩვენება: საჭიროა მხოლოდ ძირითადზე შეთანხმება და თავისუფალ პიროვნებათა ძალისხმევის დაძაბვა.

და მჯერა, რომ მომავალი ჩვენს ხელთაა!

თვალსაზრისში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG