Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშობიარობის შემდგომი დეპრესია - რას ჰყვებიან ქალები


მარიამ ბერძნიშვილმა ერთი თვეა, რაც მეორე შვილი გააჩინა. 7-წლიანი შუალედის შემდეგ მისთვის ყველაფერი ისევ ახალია - როგორ უნდა ჭამდეს ბავშვი, როგორ უნდა იძინებდეს და იქცეოდეს პატარა. მოკლედ, ყველაფერი ისეა, როგორც ძირითადად პირველი ბავშვის აღზრდის დროს ხდება. შვილის დაბადება მარიამისთვის ბედნიერებაა და მისი მოვლაც სასიხარულო, მაგრამ ყოველღამე მაინც ეტირება, აღარც ენერგია აქვს და აღარც განწყობა, როცა ბავშვის გაბმული ტირილისა და დარღვეული ძილის რეჟიმის გამო არც მოდუნების საშუალება ეძლევა და ვერც გამოძინებას ასწრებს.

მარიამ ბერძნიშვილი თავისი გამოცდილების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:06 0:00

აქვს თუ არა მარიამს დეპრესია, გადაჭრით ვერ ვიტყვით. ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა უნდა დაადგინოს, რომლისთვისაც მარიამს არ მიუმართავს. ცდილობს იმაზე იფიქროს, რომ რამდენიმე თვეში, როცა ბავშვი წამოიზრდება, ძალებს აღიდგენს და დამშვიდდება.

გლობალურად, 5-დან ერთი დედა განიცდის მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, რომლის ამოცნობა და დაძლევა დამოუკიდებლად, დაუხმარებლად არ არის ადვილი. დეპრესიის დაწყების დრო და ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, შესაძლებელია დეპრესია ორსულობის პერიოდშიც გამოვლინდეს.

ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი
ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი

„მშობიარობის შემდგომ დეპრესიასა და სხვა ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით არ არის საზოგადოების ცნობიერება ამაღლებული, ძირითადად ყველანაირ უგუნებობას დეპრესიით ხსნიან და გვწერენ ამის შესახებ“, - გვეუბნება პერინატალური ფსიქოთერაპიის საზოგადოება „პერიქეას“ ფსიქოლოგი, ეკატერინე ბურკიაშვილი და განაგრძობს:

„პირველი ნიშანი იმისა, რომ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გვჭირდება ზრუნვა, არის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ხელის შეშლა, გარემოში ადაპტაციის პრობლემა, ანუ როცა ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც მშობიარობამდე იყო. შეიძლება ეს იყოს განწყობის ცვლილება, კვების დარღვევა, ძილი თუ სხვა“.

დეპრესიის ადრეული გამოვლენისთვის გამოიყენება ედინბურგის პოსტნატალური დეპრესიის შკალა, რომელიც 10 კითხვისგან შედგება და ძირითადად პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ეხმარება, ამოიცნონ პაციენტის მდგომარეობა. თუმცა ექიმთან ვიზიტამდე თუკი თქვენ შეგრძნებებზე დაკვირვებული ხართ და გაქვთ პასუხი მოცემულ კითხვებზე, შესაძლებელია დაგეხმაროთ დეპრესიის ამოცნობაში. მაგალითად, თუკი ქულათა ჯამი 13 და მეტია, სავარაუდოა, რომ რაღაც ფორმით დეპრესია გამოვლინდა.

სპეციალისტისთვის, მარიამის მსგავსად, არც თიკოს მიუმართავს, თუმცა ზუსტად აღწერს თავის შეგრძნებებს და ემოციებს, რომელიც ემთხვევა დეპრესიის ნიშნებს.

„ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვიყავი - განსაკუთრებით, პირველი 40 დღე. მაინც ისეთ რეალობაში აღმოჩნდები ადამიანი, რაც არ წარმოგიდგენია და ეგ გთრგუნავს. ნუ, ჩემს შემთხვევაში ეგრე იყო. ძალიან ცუდად მხდიდა ის მომენტი, რომ იზოლირებული ხარ, ბევრ რამეს აკლდები. იმდენად დამთრგუნველი იყო, რომ ტირილი მინდოდა, სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რატომ. მით უმეტეს, რომ ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად უნდა იყოს. ოჯახი გყავს, შვილი, რომლის გაჩენაც გინდოდა და გიხარია, მაგრამ, ამავდროულად, გრცხვენია კიდეც შენი თავის, იმიტომ რომ გიყვარს შვილი, მაგრამ მასზე ბრაზდები, რადგან მის გამო ხარ ასე და აკლდები რაღაცებს [მეგობრების ნახვას, გართობას]“.

თიკო თოფურიძე თავისი გამოცდილების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:26 0:00

მიუხედავად იმისა, რომ თიკომ 3 თვის მანძილზე დეპრესიული პერიოდი გაიარა და ახლაც მძიმედ ახსენდება ის დრო, იმავე პროცესის გავლა არ გასჭირვებია მეორე შვილის შემთხვევაში, რომელიც მალევე, ერთ წელიწადში, გააჩინა. ამბობს, რომ პირველი მშობიარობის დროს არასწორი მოლოდინები ჰქონდა ბავშვის გაჩენისშემდგომ ცხოვრებაზე, მეორე შვილის შემთხვევაში კი მეტად გაიაზრა ჩვილზე ზრუნვის თავისებურებები და ძალების მობილიზება შეძლო. „ვიცოდი უკვე, რომ ცოტა ხნით მარტივი არ იქნებოდა, ამიტომ უფრო დამშვიდებული ვიყავი, მით უმეტეს, რომ მხარდამჭერი ადამიანები, მეუღლე და მშობლები მეორე შვილის შემთხვევაშიც მეხმარებოდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - განსაკუთრებით, როდესაც იციან, რომ ბევრ ქალს ემართება მსგავსი რამ და შეგნებულად უყურებენ ამ მდგომარეობას“.

გარდა მშობიარობის შემდგომი დეპრესიისა, არსებობს „მშობიარობის შემდგომი სევდა“, - ე. წ. ბეიბი ბლუზი, - რომელსაც დეპრესიის სიმპტომები აქვს, ოღონდ უფრო მსუბუქი ფორმით. ვლინდება მშობიარობის პირველ დღეებში და დაახლოებით 10 დღემდე გრძელდება. მშობიარობის შემდგომი დეპრესია შეიძლება იყოს ბიძგი სხვა ფსიქიკური პრობლემებისთვის - მაგალითად, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, მაღალი შფოთვა, პოსტნატალური ფსიქოზი და სხვა არაერთი მსგავსი გართულება. არიან ქალები, ვისთანაც რთული ფორმით მიმდინარეობს დეპრესია, აქვთ სუიციდური ფიქრები ან უჩნდებათ ბავშვის დაზიანების სურვილი. მნიშვნელოვანია, რომ ემოციური მდგომარეობის ცვლილებისას ფსიქიკური ჯანმრთელობის სწრაფად მოსაგვარებლად საქმეში სპეციალისტი ჩაერთოს.

რომელ სპეციალისტებს შეუძლიათ ჩვენი დახმარება?

ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრები და ნევროლოგები არიან ისინი, ვისაც ასეთ სიტუაციაში შეგიძლიათ მიმართოთ.

„კლუბი სინერგია“ ის ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელსაც ქალებისთვის უფასო კონსულტაციისა და ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი აქვს.

მშობიარობის შემდეგ რატომ ემართებათ ქალებს დეპრესია?

როგორც კლუბ „სინერგიას“ დამფუძნებელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქიატრი ნინო მახაშვილი გვეუბნება, ამას ერთი მიზეზი არ აქვს:

ფსიქიატრი ნინო მახაშვილი
ფსიქიატრი ნინო მახაშვილი

„გარდა იმისა, რომ ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ძვრები მიმდინარეობს და ამის ბრალიც არის, სხვა არაერთი ფაქტორია, რომელიც შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი: თუ ასაკშია ქალი, რა სოციალურ-ეკონომიკური პირობები აქვს, სასურველია თუ არა ორსულობა და ა.შ.“

გვანცა სამხარაძემ დახმარება მაშინვე ითხოვა, როცა შეამჩნია, რომ მისი მდგომარეობა აღარ იყო ისეთი, როგორიც მშობიარობამდე. აკვიატებული აზრები, შიში, რომ რაღაც დაავადება აქვს და შეიძლება მოკვდეს, 2 წელი ტანჯავდა.

„სულ ექიმებთან დავდიოდი, ყველაფერზე ჩავიტარე გამოკვლევა და მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ არაფერი მჭირდა. რთული მშობიარობა გავიარე, 24-საათიანი. სახლში რომ გამოვედი, რამდენიმე კვირაში დავიწყე წარსულში დაბრუნება, მომხდარის უკან გადახვევა და საკუთარი თავის შეცოდება, რომ ასეთი რამ გავიარე. მას შემდეგ ამეკვიატა ფიქრები, რომ რაღაც მჭირს, ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე და ბიოფსიაც გავიკეთე იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ჯანმრთელი ვარ და დავმშვიდებულიყავი. ჩანთაში სულ წამლები მედო, რომლებიც შეიძლება საერთოდაც არ მჭირდებოდა, მაგრამ მშვიდად ვგრძნობდი თავს. იმდენი ფიქრისგან მართლა დამეწყო ფიზიკური ტკივილები. ჩემს შემთხვევაში ფსიქოლოგი იმდენად ვერ დამეხმარა, რამდენადაც ნევროპათოლოგი. უშუალოდ მედიკამენტოზური მკურნალობა დამინიშნა და ფიქრებიც გაქრა“.

გვანცასთვის ბიძგი, რომ შეეწყვიტა ნეგატიური ფიქრები, მეორე ორსულობა გახდა. არ სურდა, რომ მედიკამენტებს რამე გავლენა მოეხდინა ნაყოფზე და სპეციალისტის ჩართულობით შეწყვიტა წამლების მიღებაც და ცუდზე ფიქრიც.

იმისთვის, რომ დედამ მშობიარობის შემდგომ თავი კარგად იგრძნოს, მნიშვნელოვანია ირგვლივ მყოფთა მხარდაჭერა, თუმცა რა სიტყვებს გამოიყენებთ ახლობელი ადამიანის სანუგეშებლად, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „პერიქეას“ ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი განმარტავს, რომ მთავარია არ გავაუფასუროთ ამ დროს ადამიანის მდგომარეობა, რადგან მათ სჭირდებათ თანადგომა და განცდა, რომ მათი ესმით.

„გაუფასურება ყველაზე მტკივნეულია. არ შეიძლება ვუთხრათ - "მერე რა", "არ არის ამის დრო, ბავშვს დედის ზრუნვა სჭირდება ახლა". არ არის კარგი, როცა აქცენტს ბავშვზე აკეთებენ. უნდა უთხრან, რომ შენც უნდა იყო ბედნიერი და კარგად იმისთვის, რომ ბავშვი იყოს კარგად“.

გვანცა სამხარაძე თავის გამოცდილებაზე ჰყვება და ამბობს, რომ დეპრესიის დროს მეგობრების სტუმრობისას მათი ლაპარაკიც კი არ ესმოდა. ცდილობდა ისეთ ადამიანებთან ჰქონოდა კონტაქტი, ვინც მსგავს სიტუაციაში იყო. ახლა იხსენებს იმ ფრაზებს, რომელთაც, წესით, არ უნდა მიმართოთ ემოციური სირთულეების მქონე ადამიანთან.

გვანცა სამხარაძე თავისი გამოცდილების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:56 0:00

„იმისთვის, რომ არ შეტოპონ პრობლემებში და მდგომარეობა არ გაურთულდეთ, მნიშვნელოვანია ადრეული ამოცნობა. გვიანაც მოგვარდება და, საერთოდ, ნებისმიერი სახის ასეთი პრობლემა მოგვარებადია ფსიქიატრის და ფსიქოლოგის ჩართულობით. უბრალოდ, რაც უფრო ადრე ამოვიცნობთ, მით უფრო მალე გადაიჭრება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა“, - განმარტავს კლინიკური ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი.

მთავარი პრევენციული ღონისძიება, რომელსაც ფსიქიატრი ნინო მახაშვილი აღწერს, არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და ქალის ზრუნვა საკუთარ თავზე:

„თუ ორსული ან ახალნამშობიარები ქალი შეამჩნევს, რომ ხასიათი ძალიან შეეცვალა, უიმედოდ არის, ცრემლიანობს და ა.შ., ეს ნიშნავს, რომ უნდა გაფრთხილდეს და თვითზრუნვას მიჰყოს ხელი. არ არის აუცილებელი სპეციალისტთან გაიქცეს. უნდა დაისვენოს, სტრესის მართვის ტექნიკები გამოიყენოს, დადებითი ემოციები მოძებნოს. თუ არ გაუუმჯობესდა მდგომარეობა, მაშინ მიმართოს სპეციალისტს, ფსიქოთერაპევტს“.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG