Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის მოსაზღვრე თურქმენეთის მარის ოლქში 18 თურქმენი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


რეზერვისტების მობილიზება თურქმენეთში

თურქმენეთში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 18 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 2 ოფიცერი, რომელთა ცხედრებიც ავღანეთთან მოსაზღვრე მარის ოლქიდან, დახურული კუბოებით წუხელ გვიან ღამით ჩაიტანეს ქალაქ თურქმენაბადში მდებარე სამხედრო ბაზაზე.

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, დაღუპულ სამხედროთა ცხედრები გასაიდუმლოებულ ვითარებაში გადაეცათ ჭირისუფლებს, რომლებსაც სამხედრო უწყების წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ სამხედროები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. დაკრალვას ესწრებოდნენ თურქმენეთის სამხედრო უწყების წარმომადგენლები, რომლებმაც ჭირისუფლებს არ მისცეს კუბოების გახსნის უფლება.

მაგრამ დამოუკიდებელმა წყაროებმა ვერ დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას ავღანეთის საზღვართან მომხდარი საგზაო შემთხვევის ვერსია. წყაროს თანახმად, დაღუპულ სამხედროთა ცხედრები ქალაქ ლებაპში ჩაასვენეს მარის ოლქიდან, სადაც ავღანეთის საზღვრის მახლობლად, სერხეტაბადას და ტახტაბაზარის სასაზღვრო საგუშაგოები მდებარეობს.

თურქმენი ჯარისკაცების გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის ფონია თურქმენეთის ხელისუფლების მიერ მძიმე შეიარაღების, ვერტმფრენების და სხვა საფრენი აპარატების გაგზავნა თურქმენეთ-ავღანეთის საზღვრის არეალში, რომლის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ავღანეთში გრძელდება თალიბი მეომრების იერიშები.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტები 19 ივლისს ავღანეთთან მოსაზღვრე მარის რეგიონის სამხრეთის ოლქიდან იუწყებოდნენ, რომ ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა, პოლიციამ, პროკურორებმა და სამხედრო მეთაურებმა დაიწყეს თავიანთი ოჯახების გაგზავნა ქვეყნის სიღრმეში, რაც აძლიერებს შფოთვას ადგილობრივი მოსახლეობისა, რომელსაც ეკრძალება რეგიონის დატოვება და დედაქალაქ აშხაბადში ან სხვა რეგიონებში წასვლა.

რადიო თავისუფლებას წყაროებმა შეატყობინეს, რომ რეგიონში გზავნიან ახალწვეულებსაც, სადაც ისინი დაჩქარებული ტემპით გადიან სამხედრო წვრთნას. თურქმენეთის მთავრობა, რომელიც თავის ნაბიჯებს ასაიდუმლოებს, არაფერს ამბობს უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ.

თურქმენეთი იყოფს 800-კილომენტრიან საზღვარს ავღანეთთან, სადაც უსაფრთხოების მხრივ ვითარება მკვეთრადაა გაუარესებული მას შემდეგ, რაც თალიბანის მეომრები შეტევებს ახორციელებენ პროვინციულ ცენტრებსა და სასაზღვრო პუნქტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG