Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორემ კირილეს მადლობა გადაუხადა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში გაწეული ღვაწლისთვის


საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს მიმოწერას ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შორის.

პატრიარქი კირილე საპასუხო წერილში აღნიშნავს, რომ მიმართვა გაეგზავნა ანატოლი ბიბილოვს.

„ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი. მიუხედავად ამისა, ჩემი მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის; მათ შორის, სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან. გვაქვს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც შეამსუბუქებს დაკავებულის ხვედრს და ახლობლების მწუხარებას“, - წერს კირილე ილია მეორეს 13 ივლისს, ზაზა გახელაძის გათვაისუფლებამდე ერთი დღით ადრე.

ზაზა გახელაძის გათავისუფლების შემდეგ პატრიარქმა ილია მეორემ მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქს.

„გვინდა, გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს დაუბრუნდა. ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში. დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ“, - ნათქვამია ილია მეორის 19 ივლისით დათარიღებულ წერილში.

ზაზა გახელაძე 14 ივლისს გაათავისუფლეს. 11 ივლისს ერთი წელი გავიდა, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ მისი უკანონო დაკავებიდან. რამდენიმე კვირის წინ ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი გაუგზავნა.

"მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათავალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა.

მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო", - ეწერა წერლში.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG