Accessibility links

site logo site logo

ეკა გიგაური: რა თქმა უნდა, დისკომფორტია ხელისუფლებისთვის, როდესაც მედია პრობლემებზე საუბრობს


ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ხელისუფლების მიერ მედიის წინააღმდეგ ერთიანი მესიჯის შემუშავების საკითხის კომენტირებისას ამბობს, რომ კრიტიკული მედიის საქმიანობა, რა თქმა უნდა, დისკომფორტია ხელისუფლებისთვის:

„რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად შეიძლება ძალიან დიდ დისკომფორტს გრძნობს ის მაღალჩინოსანი, რომელიც ბიუჯეტიდან ფულს იპარავს და გამდიდრდა წლების განმავლობაში და ამის შემდეგ მედია საუბრობს იმაზე, რომ უკანონოდ მიიღო ეს ფული. ეს მისი ოჯახის წევრებისთვის და მისთვის, რა თქმა უნდა, არის ძალიან უსიამოვნო“, - აღნიშნავს ეკა გიგაური, რომლის აზრითაც, აშკარაა, რომ ხელისუფლება ორგანიზებულად უტევს მედიას, რადგან იგი მას დისკომფორტს უქმნის:

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი დისკომფორტია, როდესაც პრობლემაზე საუბრობს მედია ან იმაზე საუბრობს, რატომ არ გვაქვს ვაქცინები, მაგალითად, და რამდენად სწორად მართავდა ჩვენი მთავრობა პანდემიას. არის ძალიან ბევრი კითხვა და ამას ჩვენ მთავრობასთან დაახლოებულ მედიაში ნამდვილად ვერ ვისმენთ. ამიტომ დიახ, ეს არის შეტევა, ორგანიზებული შეტევა მედიის წინააღმდეგ. ნამდვილად ასეა, ასე ვგრძნობ მე, ასეც არის და ეს ინფორმაცია, ცხადია, მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ ამ დღეებში აშშ-ში გამართული ვიზიტის ყველა შეხვედრა საქართველოში მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის საკითხზე საუბრით იწყებოდა:

„ყველა იყო აღშფოთებული, ყველა ძალიან დიდ წუხილს გამოთქვამდა ლექსოს სიკვდილთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება მედიაში და მედიაგარემოში. ეს ცხადია მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ არასწორი მიმართულებით ვვითარდებით და ჩვენი მთავრობის დამოკიდებულებაზე საუბრობს განსხვავებული აზრის მატარებელ ჯგუფებთან მიმართებაში. და ასეთი რაღაც რომ ხდება, ეს არ არის, რა თქმა უნდა, დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს და ჯგუფს უნდა ჰქონდეს თავისუფლად ოპერირების და არსებობის უფლება ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით მედიას იმიტომ, რომ მედია არის ზუსტად დემოკრატიის მამოძრავებელი ძალა“, - განაცხადა ეკა გიგაურმა „დილის საუბრებში“.

5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ "ღირსების მარში" გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

მედიაზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ჟურნალისტები ორგანიზებული აქციებითა და პერფორმანსებით, სტუდიების გარდა, ქუჩიდანაც ცდილობენ თავიანთი პროტესტის გამოხატვას. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები მედიას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულირებაში სდებენ ბრალს, კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და აღნიშნავენ, რომ მედია ფსიქოლოგიურად ძალადობს მათზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG