Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონს და რამდენიმე ქვეყნის ლიდერს, სავარაუდოდ, პროგრამა Pegasus-ის საშუალებით უთვალთვალებდნენ


ტელეფონის ნომრების სიაში, რომელთა მფლობელებსაც, სავარაუდოდ, ჯაშუშური პროგრამა Pegasus-ის საშუალებით უთვალთვალებდნენ, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა არანაკლებ 14 სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურების, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ნომერიც აღმოაჩინეს.

ამის შესახებ იტყობინებიან ცოტა ხნის ჩატარებული გამოკვლევის ავტორები, რომლებმაც Pegasus-ის საშუალებით პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ფართო თვალთვალის საქმეს ახადეს ფარდა. ჟურნალისტური გამოძიება ორგანიზაცია Forbidden Stories-მა და რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ, მათ შორის, „ვაშინგტონ პოსტმა“ და „გარდიანმა“, გამოაქვეყნეს.

გაზეთ „ლე მონდის“ თანახმად, ემანუელ მაკრონის ტელეფონის ნომერი, როგორც Pegasus-ის საშუალებით გატეხვის შესაძლო სამიზნე, მაროკოს სპეცსამსახურების მიერ შედგენილ სიაში მოხვდა, რომელშიც ფიგურირებს ასევე საფრანგეთის მთავრობის არანაკლებ 10 მინისტრი.

ამასთან უცნობია, მართლა მოხდა თუ არა Pegasus-ით მაკრონისა და სიაში შეტანილი ასობით ადამიანის ტელეფონების გატეხვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სია ადასტურებს მასში შეყვანილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოხელეებით სპეცსამსახურების დიდ დაინტერესებას, Forbidden Stories-ის ხელმძღვანელის, ლონარ რიშარის თქმით, ტელეფონების გატეხვის ფაქტი დადასტურებული არ არის.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში უკვე განაცხადეს, რომ თუ ჟურნალისტების მიერ მოყვანილი ფაქტები დადასტურდა, მაშინ „ამას ძალიან სერიოზულად მიიღებენ“.

ემანუელ მაკრონის გარდა, ჯაშუშური პროგრამით თვალთვალის სამიზნე პირთა სიაში ფიგურირებს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ მარაფოსა, მაროკოს მეფე მუჰამედ მეოთხე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავკაცი, ტედროს ადანომ ღებრეიესუსი და სხვები.

მანამდე 18 ივლისს გამოქვეყნდა 17 მედიაორგანიზაციის და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ორგანიზაციის (OCCRP) მიერ ჩატარებული გამოკვლევა, რომლის შედეგებიც კავშირს ამყარებს ისრაელში განთავსებულ ორგანიზაცია NSO Group-სა და 50.000-მდე სატელეფონო ნომრის მომცველ იმ სიას შორის, რომელმაც გამოჟონა და რომელიც, გამოკვლევის ავტორთა ვარაუდით, მოიცავს კომპანიის კლიენტებისთვის საინტერესო პირებს, 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG