Accessibility links

site logo site logo

მარნეულში ოჯახური ფემიციდის შემთხვევა დაფიქსირდა


მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში 30 წლამდე მამაკაცმა ჯერ ყოფილი ცოლი გ. პილიევა მოკლა, შემდეგ კი მისი მამა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

შემთხვევა 20 ივლისის საღამოს მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ელჩინ ალიევი ყოფილი ცოლის სახლში გვიან ღამით მივიდა, ქალთან შელაპარაკების შემდეგ კი მას რამდენჯერმე ესროლა. Ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ქალს მანქანითაც გადაუარა. ალიევი ბრალდებულია ყოფილი სიმამრის მკვლელობაშიც, რომელიც ხმამაღალ ლაპარაკზე ეზოში 26 წლის ქალიშვილის მისახმარებლად გავიდა. თავდამსხმელმა დაჭრა ყოფილი მეუღლის დედა და ძმაც. დაშავებულები მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ შემოიყვანეს სამივე ერთი მანქანით. Დაახლოებით ღამის პირველი საათი იყო. Მამა-შვილი უკვე გარდაცვლილები იყვნენ. Ქალს თავში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი, სხვა დაზიანებები ექიმებს ასე, ერთი შეხედვით არ შეუმჩნევიათ, შემდეგ კი ცხედრები მალევე წაიღეს ექსპერტიზაზე. Დედას მკლავში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. მას ჭრილობა დაუმუშავდა და გავწერეთ. Რაც შეეხება ძმას, ის სხვა საავადმყოფოშია და რამდენადაც ვიცი, მისი მდგომარეობა რთულია“, - განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ტატა შენგელაიამ.

მოკლულის ეზოში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, გარდაცვლილების ახლობლები, თავდამსხმელის სახლში შეიჭრნენ და მისი ოჯახის წევრებს გაუსწორდნენ. ამის გამო პოლიციამ კიდევ ორი სარალელი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ყოფილი ცოლის მკვლობაში ბრალდებულის მამა ნიჩბით არის დაჭრილი, მას სახის ძვლები აქვს დამსხვრეული, დამტვრეულია მისი ოჯახის ორი ავტომობილიც.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ორიოდე თვის წინ დაშორდა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომლებიც ტრაგედიის მომენტში მამის ოჯახში იმყოფებოდნენ.

შსს მონაცემებით, დაკავებულს ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია ფემიციდის 19 შემთხვევა. 20 ქალის მკვლელობა სცადა მისმა ოჯახის წევრმა, ყოფილმა მეუღლემ ან პარტნიორმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG