Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სასამართლო სისტემის პრობლემები აშშ-ის კიდევ ერთ ანგარიშში მოხვდა


საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის პირობები საერთო ჯამში, საიმედოა, თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლოს შესაძლებლობისადმი დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად განიხილოს კომერციული დავები. ამ შეფასებას მოიცავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში „საინვესტიციო კლიმატი 2021“, რომელიც საქართველოსაც ეხება. დოკუმენტში გაანალიზებულია საინვესტიციო გარემო მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ამერიკული კომპანიები უკვე მუშაობენ, ან პოტენციურ ბაზრად განიხილავენ.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ზოგიერთი საქმიანი დავა სასამართლოში წლების განმავლობაში რჩება, სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხარვეზებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობას, პოლიტიკურ ჩარევას, კანონმდებლობის და ნორმატიული აქტების შერჩევით გამოყენებას და სირთულეებს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტისას.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ამ პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობას განაგრძობს და მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოს რეგიონში აქვს მაღალი რეიტინგები, როგორც ბიზნესისთვის კარგ ადგილს.

ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, ერთ-ერთი თავი მთლიანად ეთმობა სასამართლო სისტემას. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, პრობლემურად რჩება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მასზე პოლიტიკური გავლენა. მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მთლიანობასა და ხარისხიანი შედეგების უზრუნველსაყოფად სასამართლოს შესაძლებლობებთან დაკავშირებული შეშფოთება კვლავაც ახდენს გავლენას სასამართლო სისტემისადმი ინვესტორთა ნდობაზე.

ანგარიშში მოხვდა საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან კონტრაქტის შეწყვეტა. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ინვესტორებს და ადგილობრივი ბიზნესის ლიდერებს ამაში ეჭვი ეპარებათ.

ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც კორუფციას ეხება, ნათქვამია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია ქვედა დონის კორუფციასთან ბრძოლაში, თუმცა, ისევ პრობლემურია საკითხი, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ უწოდებს "ელიტურ" კორუფციას, როცა მაღალჩინოსნები იურიდიულ ხვრელებს იყენებენ პირადი გამდიდრების, მდგომარეობის, ან ანგარიშსწორებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ძირითადად, ფრაგმენტულია, კორუფციის ამ ფორმას, ან აღქმას, რომ ის არსებობს, შეუძლია შეარყიოს საქართველოს ინსტიტუტებისა და საინვესტიციო გარემოსადმი საზოგადოების და ინვესტორების ნდობა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში დეტალურად მიმოიხილავს საქართველოს მაღალ ადგილებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგებში, ქვეყნის კანონმდებლობას, ეკონომიკის და საფინანსო სექტორის მდგომარეობას, პოლიტიკურ ვითარებას და უსაფრთხოების გარემოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG