Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 სიახლე 5 ივლისის მოვლენებზე, რაც გომელაურისგან გავიგეთ


5 ივლისი, აქცია პარლამენტის წინ.
5 ივლისი, აქცია პარლამენტის წინ.

5 ივლისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირველად უპასუხა საზოგადოებაში არსებულ კითხვებს. „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ძირითადად, ის იმეორებდა მანამდე უწყების მიერ გავრცელებულ ვერსიას, თუმცა იყო რამდენიმე სიახლეც.

ამ ინტერვიუდან გახდა ცნობილი, რატომ არ გამოიყენა პოლიციამ სპეციალური საშუალებები ძალადობრივი ჯგუფების დანაშაულის აღსაკვეთად, რატომ არ უწევდა წინააღმდეგობას პოლიცია მოძალადეებს, რატომ ვერ დააკავეს ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზატორები და რატომ გაუვრცელეს გარდაცვლილ ოპერატორს - ლექსო ლაშქარავას - კადრები.

1 - რატომ არ გამოიყენა 5 ივლისს მასობრივი ძალადობის დროს პოლიციამ სპეციალური საშუალებები

5 ივლისს დილის 11:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფის წევრები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს - ყველას, ვინც მედიის წარმომადგენლად აღიქმებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლით, ამ დროს ქუჩაში 10 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებული და მუშაობდა 3,4 ათასამდე პოლიციელი.

მინისტრის ნათქვამის მიხედვით, ამ დროს საჭირო იყო მინიმუმ 20 ათასი პოლიციელის გამოყვანა, „რისი საშუალებაც არ აქვთ”.

„აქ ყველა იყვნენ ერთმანეთის მოკავშირეები, აქ დაძაბულობა არ უნდა მომხდარიყო არცერთ შემთხვევაში. რომ ავიღოთ "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული ოცნება" [შეკრება], შიგნით პოლიციას ხო არ დაუყენებ. ესენი ერთი ხალხია... პოლიციელი არასდროს ეყოფა დიდ ღონისძიებას... სპეცსაშუალებები რატომ უნდა გამოგვეყენებინა, როცა იქ ყველა ერთმანეთის მომხრე იყო…” - თქვა მინისტრმა.

2 - რატომ შეუშვა პოლიციამ სიძულვილის ჯგუფის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია #სირცხვილიას ოფისის შენობაში იმის გადასამოწმებლად, იყო თუ არა იქ ვინმე, ვის წინააღმდეგაც შეიკრიბნენ

5 ივლისს განვითარებული მოვლენები ქრონოლოგიურად ასახა „პუბლიკამ” თავის ვიდეოში. ამ მასალაში ჩანს, როგორ კოორდინირებულად მოქმედებდნენ ძალადობრივი ჯგუფები და როგორ არ უშლიდა მათ ხელს პოლიცია. ამავე კადრებში ჩანს, როგორ უთმობს პოლიცია #სირცხვილიას შესასვლელ გზას ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ კონსტანტინე მორგოშიას და მის თანმხლებ პირებს.

„ყოველთვის სწორია დეესკალაციისკენ თემის წაყვანა - მოვიკითხე ეს ადამიანები, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და შეატარეს, შეახედა სადარბაზოში. იმათმა თქვეს, არ მიდიოდნენ უკან [მორგოშია], მანდ გყავთ სადარბაზოში დამალულები, შეიხედე, აგერ, არავინ არის და წადით ახლა. მერე მოხდა მათი პარლამენტთან უკან დაბრუნება”, - ამბობს გომელაური.

3 - რატომ ვერ დააკავეს ორგანიზატორები იმ დღესვე

უკვე 17 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც 53 ჟურნალისტზე თბილისის ცენტრალურ უბნებში იძალადეს. ამ დრომდე არ არის დაკავებული ძალადობრივი ჯგუფის არცერთი ხელმძღვანელი, თუმცა ძალადობრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით 28 პირია დაკავებული.

16 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რამდენიმე მისამართზე ერთდროულად ჩაატარეს ჩხრეკა. მათ შორის, ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერების, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილის, ზურა მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას ბინებში. ჩხრეკის შემდეგ ყველა მათგანი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. გამოკითხვაზე გადაიყვანეს ის სასულიერო პირი, სპირიდონ ცქიფურიშვილიც, რომელიც რუსთაველის გამზირიდან ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა. ამ საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, არავინ არის დაკავებული.

„გამოძიება, პირველ რიგში, შემსრულებლებიდან იწყება და მერე უნდა აჰყვე ზემოთ... 18 ადამიანთან ჩხრეკა ჩავატარეთ. ამოვიღეთ ძალიან ბევრი მასალა, ეს დასამუშავებელია…” - ამბობს გომელაური.

4 - რას ფიქრობს 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის, ლექსო ლაშქარავას პროზექტურაში გადასვენების ფორმაზე

ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს დილით დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. პოლიციელებმა დედის უარის მიუხედავად, ლაშქარავას ექსპერტიზაზე გადასვენების გადაწყვეტილება მიიღეს.

გვამი პოლიეთილენის პარკში მოათავსეს, სცადეს ლიფტში შეტანა, ვერ შეძლეს და შემდეგ ტომარასავით ჩაიტანეს კიბეებზე.

ამ საკითხს მინისტრი მხოლოდ ორი წინადადებით შეეხო და სცადა აქცენტი გარდაცვალების მძიმე ფაქტზე გადაეტანა:

„ძალიან მძიმე იყო, ძალიან მძიმე სანახავი იყო, გეთანხმებით. ასევე მძიმე იყო მისი დაკრძალვის კადრები”.

მინისტრი ამბობს, რომ მათ უფლება ჰქონდათ, ოჯახის უარის მიუხედავად, ძალის გამოყენებითაც კი გადაესვენებინათ ცხედარი. მას არ გაუმახვილებია ყურადღება, სამართლებრივად რამდენად სწორად მოხდა ეს.

„სამწუხაროდ, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვიწევს ასეთი პრობლემების წინაშე შეჯახება, ძალიან მძიმეა ხოლმე… შეგიძლია გამოიყენო ძალა და გადაასვენო ადამიანი... რა თქმა უნდა, უფლება გვაქვს ჩვენ, რომ გვამი პროზექტურაში, თუ ნებით არა, ძალა გამოვიყენოთ”, - თქვა მან.

5 - რატომ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს მისი გადაადგილების ამსახველი კადრები

11 ივლისს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან და გვამის ექსპერტიზაზე გადასვენებიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საზოგადოებრითვის გარდაცვალების საკუთარი ვერსიის შეთავაზება. იმის მიუხედავად, რომ უწყება ირწმუნებოდა, რომ არ სურდათ წინასწარი დასკვნების გაკეთება, საზოგადოებას მაინც სთავაზობდნენ თავიანთთვის სასურველ ვერსიას.

კრიმინალური პოლიციის უფროსმა იმ დღეს ორი ბრიფინგი გამართა. ორივეზე მიანიშნა, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ზედოზირების გამო გარდაიცვალა. შსს-მ გაავრცელა ლაშქარავას გადაადგილების კადრებიც და ირწმუნებოდა, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

„არანაირი სურვილი არ გვქონდა არც მე და არც ჩვენს თანშრომლებს, ჩემს მოადგილეებს და ხელმძღვანელ პირებს, რომ ეს გაგვეშვა და პირდაპირ ენახათ მისი ოჯახის წევრებს, მის დედას და შვილებს და ა.შ.

იქედან გამომდინარე მოგვიწია, რომ საზოგადოებაში წამოვიდა თემა, რომ "ინფორმაცია გააჟღერეთ რა მოხდა". ძალიან აიწია ტემპერატურა და იძულებულები ვიყავით, შეიკრიბა რუსთაველზე ხალხი, ძალიან ბევრი მოქალაქე ითხოვდა პასუხს. რაც გვქონდა ჩვენ, სწრაფად რაც ვიმუშავეთ, იძულებულები გავხდით, ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა ხალხისთვის”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG