Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორიის შედეგებით, დელტა შტამი ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს


ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, ​კორონავირუსის ახალ შემთხვევათა შორის ვირუსის დელტა შტამი შეფასებითი მაჩვენებლით 30-40 პროცენტის ფარგლებშია, თუმცა ლუგარის ლაბორატორიის შედეგებით, იგი შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს. „მარტო ლუგარით ვერ ვიმსჯელებთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, თუმცა დასძინა, რომ დელტა შტამის გავრცელების შემთხვევები ხშირია. მისივე თქმით, კორონავირუსის ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელში ბავშვთა წილი 10-12 პროცენტია. მან უპასუხა კითხვას იმის შესახებაც, არის თუ არა ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღაში.

„ტალღას რომელ ნომერს მივანიჭებთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ასეთი მრუდია: იანვრის შემდეგ ქვეყანაში იყო სერიოზული დაღმასვლა, თებერვალი, მარტი გავიარეთ შედარებით მსუბუქად, ვიდრე დეკემბერი, იანვარი და შემდეგ აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყო ისევ ზრდა. შევედით მესამე ტალღის პიკში სადღაც მაისის შუა რიცხვებში. 17 მაისს გვქონდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყველა ინდიკატორის. შემდეგ წამოვიდა ეს დაბლა. სადღაც 25 ივნისამდე უმჯობესდებოდა მდგომარეობა, 25-დან ისევ დაიწყო გაუარესება, რომელიც ყოველდღიურად, ხედავთ, რომ 2000-ის ფარგლებშია. ამიტომ როგორმე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შევაკავოთ და არ შევიდეთ მსგავსში, რაც გვქონდა შემოდგომის ბოლოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 38 945 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2460 შემთხვევა. ნახევარზე მეტი, 1363 - თბილისში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1082-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 8286 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 391 781 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 136 734 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG