Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრო ბაზაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა ოლიმპიურ თამაშებზე


ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ბაზაძე დამარცხდა ოლიმპიური თამაშების ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონთან.
ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ბაზაძე დამარცხდა ოლიმპიური თამაშების ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონთან.

საქართველომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი დღე მედლის გარეშე დაასრულა.

24 ივლისს, კონკურენციაში მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), მოკრივე ესკერხან მადიევი (69 კგ) და მოცურავე ირაკლი რევიშვილი ჩაებნენ.

ფარიკაობასა და ძიუდოში უკვე პირველი ჩემპიონ-პრიზიორებიც გამოვლინდნენ, მაგრამ საპრიზო სამეულები ქართველთა გარეშე შეივსო.

მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა სანდრო ბაზაძეს. ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგო - ჯერ ეგვიპტელებს მოჰაბ სამერს (15:10) და ზიად ელსისს (15:12) აჯობა, ხოლო შემდეგ, მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი - სამხრეთკორეელი ო სანგუკიც ჩამოიშორა (15:13) და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ბაზაძე დამარცხდა ოლიმპიური თამაშების ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონთან, უნგრელ არონ შილაკისთან (13:15) და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, სამხრეთკორეელ იუნ ვან კიმს შეხვდა. მასთანაც წააგო (11:15) და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვის ძლევის შემდეგ, ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან - იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოსთან წაგებით. შემდეგ კი რეპეშაჟის ნახევარფინალშიც დამარცხდა, სამხრეთკორეელ ჯილ ვონ კიმთან და შეჯიბრებას გამოეთიშა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი რობერტო კარლეს ბაენა დაამარცხა (6:3 6:2) და მეთექვსმეტედფინალში გავიდა, სადაც იტალიელ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება.

ესკერხან მადიევმაც პირველი გამარჯვება მოიპოვა - აზერბაიჯანის ნაკრების წევრს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს - ლორენცო სოტომაიერს აჯობა და მერვედფინალში გავიდა, სადაც უგანდელ შადირი ბვოგის შეხვდება. ეს ბრძოლა 27 ივლისს შედგება და თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

ირაკლი რევიშვილმა 400-მეტრიანი დისტანცია სამ წუთსა და ორმოცდაჩვიდმეტ წამში გაცურა და ოთხკაციან ჰითში მესამე შედეგი აჩვენა, თუმცა ნახევარფინალში მოსახვედრად, ეს შედეგი საკმარისი არაა.

25 ივლისს, ოლიმპიურ თამაშებში ჩაებმებიან: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო. 66 კგ), ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო. 52 კგ), შოთა მიშველიძე (ძალოსნობა. 61 კგ), შოთა მიშველიძე (ძალოსნობა. 67 კგ) და გიორგი ხარაბაძე (კრივი. 75 კგ). ხვალვე ჩაატარებს მეორე წრის შეხვედრას ნიკოლოზ ბასილაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG