Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო მსვლელობები გაიმართა კოვიდ-19-ის აცრის რეგულაციების წინააღმდეგ


პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლის მონაწილეთა წინააღმდეგ პარიზში, ელისეს მინდვრებზე. 2021 წლის 25 ივლისი
პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლის მონაწილეთა წინააღმდეგ პარიზში, ელისეს მინდვრებზე. 2021 წლის 25 ივლისი

ათობით ათასი ადამიანი გავიდა ევროპის რამდენიმე ქალაქის ქუჩებში 24 ივლისს თავიანთი პროტესტის გამოსახატავად კორონავირუსის ვაქცინაციის რეგულაციების წინააღმდეგ. რეგულაციის და შეზღუდვების მომხრეები თვლიან, რომ ეს ზომები საჭიროა კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერების ხელისშეწყობის მიზნით.

ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები იყო საფრანგეთში, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 160 000-მა ადამიანმა. ისინი აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ყველასთვის საჭირო იქნება სპეციალური საშვი რესტორნებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შესასვლელად, და კოვიდ-19-ის ვაქცინაცია სავალდებულოა ჯანდაცვის ყველა მუშაკისთვის.

საპროტესტო გამოსვლების უმეტესობა მშვიდი იყო, თუმცა პარიზში პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელთა ლოზუნგი იყო „თავისუფლება“. ამ ლოზუნგს გაიძახოდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები მას შემდეგ, რაც ვიღაცამ პოლიციელს სკამი ესროლა. პოლიციამ მოგვიანებით სატრიუმფო თაღთან დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

კანონპროექტი, რომლის გარშემოც დებატები მიმდინარეობს, გააფართოებს „ჯანმრთელობის საშვს“ - რომელიც ამჟამად მუზეუმებსა და კინოთეატრებში შესასვლელად და ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას არის საჭირო - და მასში რესტორნებს, ბარებსა და სხვა ადგილებსაც შეიტანს.

იმისთვის, რომ საშვი იქონიონ, ადამიანები სრულად უნდა იყვნენ აცრილნი, ჰქონდეთ აქტუალური ნეგატიური ტესტი ან ჰქონდეთ საბუთი იმისა, რომ ისინი კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელდნენ.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ასევე რომსა და იტალიის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის შესახებ შიდა სივრცეში სასადილოდ, სტადიონებზე, კინოთეატრებსა და თავშეყრის სხვა ადგილებში შესასვლელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG