Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა საპროტესტო აქციებს უკავშირდება


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ შეკრებებს. მთავრობის სხდომის დაწყების წინ გაკეთებულ განცხადებაში მან კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მიმდინარე თვის განმავლობაში გამართულ ხალხმრავალ საპროტესტო აქციებსაც დაუკავშირა. მისი თქმით, ამ აქციების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა:

„ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა. აქვე მინდა აღვნიშნო და სავსებით სამართლიანად, რომ უპასუხისმგებლო, რამდენიმედღიანი აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა და ამ აქციების შემდეგ მოხდა პრაქტიკულად გაორმაგება ინფიცირებულთა რაოდენობის. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ზედმეტი ყურადღება, სიფრთხილე, ასევე პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ზოგადად ჩვენს აქტივობას, იქნება ეს ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მოსახლეობას მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში:

„მე მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით და კიდევ ერთხელ ავუხსნათ ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება. მთავარი აზრი და მთავარი არგუმენტი, ჩემი აზრით, არის ის, რომ აცრის შემდეგ გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, ადამიანების გარდაცვალება არის პრაქტიკულად გამორიცხული. შესაბამისად, მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა და, ამასთანავე, ჩვენი მშობლების, ჩვენი შვილების, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ვაქცინების თაობაზე გავრცელებული დეზინფორმაციული ნაკადის პირობებში მოსახლეობამ მეცნიერებს უნდა დაუჯეროს.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 375 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1264 შემთხვევა, 1665-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 1572 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 404 339 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 139 756 ადამიანი.

XS
SM
MD
LG