Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა კოვიდსიტუაციაზე: ყველა პირობა შევქმენით, რომ ჩაკეტვის გარეშე გამოვიდეთ ამ ვითარებიდან


ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ქვეყანაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პანდემიის მართვა „ლოკდაუნის“ გარეშე, გაძლიერებული ვაქცინაციით მოხდეს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე მან ამ მხრივ 2020 წლის გაზაფხულსა და მიმდინარე წელს შორის არსებულ განსხვავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩაკეტვის პირობებში პანდემიის მართვა შედარებით ადვილია, მაგრამ ამისთვის საჭიროა სესხი, რომლის აღების სურვილი და შესაძლებლობა ქვეყანას აღარ გააჩნია:

„ჩაკეტილ პირობებში პრაქტიკულად შესაძლებლობა გადაცემის და გადადების ნაკლებია, მაგრამ ამისთვის საჭიროა დამატებითი რესურსები, რომ ჩვენ დავეხმაროთ მაშინ იმ ინდუსტრიებს, რომლებიც არის ჩაკეტილი. ჩვენ დიდძალი სესხი ავიღეთ ამისთვის. მეტი სესხის აღების არც შესაძლებლობა, არც სურვილი არ გაგვაჩნია იმიტომ, რომ სესხი სესხია, ის იქნება დასაბრუნებელი, ამიტომ შევქმენით ყველა პირობა იმისა, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით ჩვენ დავამარცხოთ პანდემია და გამოვიდეთ ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით და ამას სწორედ ასე განვახორციელებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა პრაქტიკულად მოხსნილია და ვაქცინაციის სარგებლიანობაზე მეტი განმარტებითი საქმიანობაა საჭირო.

„იმედი გვაქვს, რომ ზედმეტი დამატებითი სავალდებულოობის შემოღების გარეშე მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა, რომ ჩაკეტვის ნაცვლად, მთავრობამ ეპიდემიის ეფექტიანად მართვის გზა აირჩია.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 375 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1264 შემთხვევა, 1665-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 1572 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 404 339 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 139 756 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG