Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს განცხადებით, რუსმა მომღერალმა ლევ ლეშჩენკომ საქართველო უკვე დატოვა


ლევ ლეშჩენკო
ლევ ლეშჩენკო

ცნობილი რუსი მომღერლის ლევ ლეშჩენკოს საქართველოში ჩამოსვლას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ის 2013 წელს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევით იმყოფებოდა საქართველოში.

„აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყანაში, მან საპასპორტო კონტროლი გაირა შეუფერხებლად, რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა“, - შეატყობინეს შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას.

საქართველოში ლევ ლეშჩენკოს ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა. მან 25 ივლისს თქვა, რომ „ლეშჩენკო, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აფხაზურად უმღეროდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის სასტუმროში ისვენებს“.

ლეშჩენკო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ მისი ე.წ. დამოუკიდებლობის ცნობის მეხუთე წლისთავზე (2013 წელს) იმყოფებოდა და კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ისჯება, ხოლო არაერთგზის ჩადენილი იგივე ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე).

კანონის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა ექვს წელს შეადგენს. 2015 წლიდან კი ოკუპირებულ აფხაზეთში ლეშჩენკოს ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. თუმცა საქართველოს კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, ნათქვამია, რომ ქვეყანაში პირის არშემოშვების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი გარემოება: „თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა“.

XS
SM
MD
LG