Accessibility links

site logo site logo

რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეიმი ფლაი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს


ჯეიმი ფლაი, ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლების პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ჯეიმი ფლაი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნე 5 ივლისს განვითარებული მოვლენების სრულყოფილად გამოძიების საჭიროება. ვინც დააფინანსა და ხელმძღვანელობდა ძალადობრივ თავდასხმებს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, მათ შორის რადიო თავისუფლების, პასუხი უნდა აგონ. ჟურნალისტებზე თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია და მართლაც შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში მედიის თავისუფლების ბოლოდროინდელ ტრადიციას. მე მივმართე მთავრობას უზრუნველყოს, ჟურნალისტებისთვის, როგორც დემოკრატიის მთავარ საყრდენისთვის, უსაფრთხო სივრცე მომავალი არჩევნების წინ პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ჯეიმი ფლაიმ.

რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თავის მხრივ რადიო თავისუფლება ქართველი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდების ერთგული რჩება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაგმო 5-6 ივლისს გამართულ აქციებზე მომხდარი თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტები და აღნიშნა, რომ აქტიურად გრძელდება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები და ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეიმი ფლაი საქართველოში ხვდება მედიამენეჯერებს, მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ის ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG