Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციმბირის სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნა პუტინის მოწინააღმდეგე შამანს


რუსეთის ციმბირის რეგიონის, იაკუტიის სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნა შამანს, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენჯერმე შეაჩერეს მსვლელობის დროს - როცა მოსკოვისკენ ფეხით მიდიოდა, "პრეზიდენტ პუტინის კრემლიდან გამოდევნის მიზნით".

იაკუტიელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის ადვოკატმა, ალექსეი პრიანიშნიკოვმა რადიო თავისუფლებას გააცნო სასამართლოს გადაწყვეტილება - რომ გაბიშევი წარმოადგენს "დიდ საფრთხეს" საზოგადოებისთვის, და "იძულებითი მკურნალობა სჭირდება სპეციალიზებულ საავადმყოფოში, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ". ავოკატის თქმით, ტერმინი "მკურნალობა" ბუნდოვანია, და პაციენტებს, რომლებსაც ამგვარ მკურნალობას მიუსჯიან, ფსიქიატრიულ კლინიკებში სამ წლამდე პერიოდს გატარება უწევთ ხოლმე. პრიანიშნიკოვი ამბობს, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.

მარტში სასამართლომ გაბიშევი "მენტალურად არამდგრადად" სცნო და მისი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების ბრძანება გასცა. ეს განაჩენი გაასაჩივრეს გაბიშევის ადვოკატებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს არის კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობა.

გაბიშევის სახელი მედიაში პირველად 2019 წლის მარტში გამოჩნდა - როცა მან პუტინს "ბოროტება" უწოდა და გამოაცხადა, რომ იწყებდა მსვლელობას მოსკოვისკენ, რუსეთის პრეზიდენტის განდევნის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG