Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე მესამე ტალღის პიკზე გვქონდა


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გაუარესებულია ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მათ შორის, დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც 6%-ის ფარგლებში მერყეობს.

„ანუ, ჩვენ, მოკლედ რომ რეზიუმე გავაკეთოთ, ეხლა მეტი გვაქვს უფრო ინფიცირება, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე, მაისში და ვართ 50-60 პროცენტამდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ.

დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, მეორე ტალღისგან სიტუაციას ის განასხვავებს, რომ დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინები. გამყრელიძემ მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მისი ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დააყენა რამდენიმე საკითხი - პირველ ყოვლისა, აცრის ინტენსიფიცირება და პირბადის სავალდებულო გამოყენება ღია სივრცეებში, სადაც ხალხი იკრიბება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში:

„მთავარი, ყველაზე დიდი ბუსტერები რაც გვაქვს, დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა - ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები. ეს უნდა იყოს ყველაფერი შესაბამისად პრევენტირებული. აუცილებელი იქნება საზღვრებზე განსაკუთრებული დამატებითი კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო ინფიცირებული ადამიანები ქვეყანაში და, რაც მთავარია, აქ მეტი ადგილის მობილიზება, სასტუმროებში განსაკუთრებით და, დღეს კიდევ სხვა დავალებები გაიცა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ მობილიზებული იყოს შესაბამისი ოთახების რაოდენობა, რათა ადამიანები, როგორც ინფიცირებული, ასევე მათთან კონტაქტში მყოფები, ვისაც არ აქვს სახლში იზოლირების პირობები, გადაყვანილები იყვნენ და გადაცემის ჯაჭვი რაც შეიძლება მალე გაწყდეს“.

ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 42 235 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3666 შემთხვევა. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 17 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG