Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოცნობილია აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 5 პირის ნეშტი


ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაასვენეს 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული კიდევ 5 პირის ნეშტი. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას და იდენტიფიცირებას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ ახორციელებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი, რომელთა ნეშტებს უახლოეს ხანში დაკრძალავენ.

90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის მიმდინარეობა დღევანდელ სხდომაზე განიხილა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისმა კომისიამ.

სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია პროგრამის ეფექტიანობის გაზრდა, რადგან დარჩენილია 2300-ზე მეტი ოჯახი, რომლებმაც დღემდე არაფერი იციან თავიანთი ახლობლების ხვედრის შესახებ.

„წითელი ჯვრის“ ეგიდით 2010 წლიდან მოქმედი ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობის შედეგად, ამ დრომდე მოძიებულია 583 ნეშტი. მათგან იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 206. საერთო ჯამში, დაკარგულად ითვლება 2 355 სამხედრო და სამოქალაქო პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG