Accessibility links

site logo site logo

ეკატერინე ტიკარაძე: საწოლფონდის მობილიზებასთან დაკავშირებით შეწყდება გეგმური ოპერაციები


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გეგმური ოპერაციების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით უკვე გამოცემულია ახალი განკარგულება. მინისტრმა ახალციხეში ვაქცინაციის პროცესის გაცნობის დროს მედიასთან კომენტარში თქვა, რომ გადაწყვეტილება კოვიდსიტუაციის გამწვავების გამო საწოლფონდის მობილიზების აუცილებლობასთანაა დაკავშირებული:

„მობილიზება მიმდინარეობს საწოლფონდის და ისევე, როგორც მეორე ტალღის პერიოდში, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რესურსი საწოლფონდის დღესდღეობით გადაერთოს კოვიდმართვაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრომ გეგმური ოპერაციების დაფინანსება 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდეც გააჩერა. ამ პერიოდში მხოლოდ გადაუდებელი ოპერაციები ტარდებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს 26 ივლისის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდპაციენტებისთვის 6 000 საწოლია მობილიზებული, რომელთაგან დაკავებულია 5200. იგეგმება 1500 საწოლის დამატება.

დღეს, 27 ივლისს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკი დაფიქსირდა. 24 საათში ჩატარებული 42 235 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3666 შემთხვევა, რაც ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 17 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში 1335-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 13 884 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 418 398 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 142 254.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG