Accessibility links

site logo site logo

აშშ და რუსეთი ჟენევაში იწყებენ მოლაპარაკებას სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ


სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს ბაიდენმა და პუტინმა მოუმზადეს საფუძველი

აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები 28 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ხსნიან დიალოგს სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, რომელმაც შეტევითი შეიარაღების სამომავლო კონტროლის სისტემის შექმნას და ბირთვული ომის რისკის შემცირებას უნდა ჩაუყაროს საფუძველი.


სტრატეგიული სტაბილურობის თაობაზე პოლიტიკური დიალოგის დაწყებაზე 16 ივნისის ჟენევის სამიტზე შეთანხმდნენ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი.

ბოლო წლებში ძალა დაკარგა აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღების კონტროლის თაობაზე ხელმოწერილმა რამდენიმე შეთანხმებამ. სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ შეთანხმების (СНВ-3) მოქმედების ვადა მის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე ხუთი წლით გაგრძელდა, მაგრამ ამ დოკუმენტის ბედიც გაურკვეველია.

რუსეთის მხარე დიდი ხნის განმავლობაში დაჟინებით მოითხოვს, რომ სტრატეგიული სტაბილურობის მისაღწევად შეიზღუდოს როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი შეიარაღება. ჟენევის შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ მოითხოვს, შეიარაღების კონტროლის შეთანხმების ტექსტში ჩართონ ასევე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებიც.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ მოსკოვი დათანხმდეს იმ არასტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შეზღუდვას, რომელიც არ ხვდება СНВ-3-ის შეთანხმების ქვეშ. სავარაუდოდ, საუბარი შეეხება ე.წ. სუპერბგერით იარაღს, უპილოტო წყალქვეშა ბირთვულ აპარატს და ე.წ. ეგზოტიკურ ბირთვულ იარაღს, რომლის შემუშავების აუცილებლობაზეც ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ ისაუბრა.

ამ ფონზე, რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ცნობით, ჟენევის დიალოგიდან დიდი გარღვევა მოსალოდნელი არ არის. სავარაუდოდ, მასზე მოილაპარაკებენ, რომ გააგრძელონ დიალოგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG