Accessibility links

site logo site logo

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ პოლარიზაცია გააღრმავა


პარტია „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ანულირება გაუკეთოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით, 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას. მისი თქმით, ამ ნაბიჯით ღრმავდება პოლარიზება.

ვახტანგ მეგრელიშვილი ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს უპასუხოდ დარჩენილ საკითხს, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის პირობის შესრულებას.

„დღეს ირაკლი კობახიძემ პოლარიზაცია გააღრმავა. მე მთავარმა რამემ შემაშფოთა, არა იმან, რაც ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა, არამედ იმან, რომ ირაკლი კობახიძემ არ ახსენა შეთანხმება, რომელიც დაკავშირებული იყო ბარიერის 2 %-მდე დაწევასთან. მთავარი კითხვაა, შეთანხმების ამ ნაწილიდანაც გადის თუ არა „ქართული ოცნება". სინამდვილეში, რაც ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა, ფაქტობრივად შესრულებული აქვთ ყველაფერი. „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს აძლიერებს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება 53 %-იან შემოთავაზებას, "ქართულ ოცნებას" თავად აწყობს რეალურად ვადამდელი არჩევნები და კოალიციური მთავრობა.

ამ გადაწყვეტილებით ნათელი ხდება, რომ „ქართული ოცნებისთვის" პრობლემა არ არის 2022 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. გამოვიდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია ერთადერთი პუნქტის წინააღმდეგ, ერთადერთი პუნქტია რისკის ქვეშ, რომელიც არც "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს და არც „ქართულ ოცნებას". დარჩენილი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები და შეთანხმებიდან გასვლა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მხოლოდ ეს პუნქტია შეუსრულებელი, ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც უნდა ყოფილიყო პროპორციული არჩევნები და 2 %-იანი ბარიერი“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დღეს გამოაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა:

"რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო. მათ ამოძრავებდათ ერთადერთი მიზანი, დალოდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ პოლიტიკური საბოტაჟი, როგორც კი „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან საარჩევნო ზღურბლს გადალახავდა";

"რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს. 19 აპრილის შეთანხმების ცალკეული პუნქტებიც რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის გამოიყენებოდა";

"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს";

"დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ";

"თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია".

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას. შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ".

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე კვირის წინ განაახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა, ოპოზიციამ მმართველი პარტია "მიშელის შეთანხმების" დარღვევაში დაადანაშაულა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG