Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როსკომნადზორი“ ლიუბოვ სობოლის ტვიტერის ექაუნთის დაბლოკვას ითხოვს


ლიუბოვ სობოლი
ლიუბოვ სობოლი

რუსეთის მარეგულირებელმა უწყებამ „როსკომნადზორმა“ შეტყობინება გაუგზავნა სოციალურ ქსელ ტვიტერს, რომელშიც კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, თანამებრძოლი აქტივისტის, ლიუბოვ სობოლის, ექაუნთის დაბლოკვას ითხოვს.


საკუთარ ტვიტერში ამის შესახებ გამოქვეყნებულ ცნობაში, ლიუბოვ სობოლი „როსკომნადზორის“ ასეთ მოთხოვნას დუმის არჩევნების წინ „კრემლის ისტერიკას“ უწოდებს.

„როსკომნადზორი“ თავის წერილში აღნიშნავს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის იურისტი, ლიუბოვ სობოლი, სოციალურ ქსელს ალექსეი ნავალნის სტრუქტურის მიერ დაგეგმილი „საქმიანობისა და ღონისძიებების პროპაგანდისთვის იყენებს“. ფონდისა, რომელიც რუსეთის სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო.

წინა დღით რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელმა უწყებამ კომპანია „გუგლისგან“ ალექსეი ნავალნის თანამებრძოლების: ლეონიდ ვოლკოვის, ვლადიმირ მილოვისა და გეორგია ალბუროვას „იუტუბის“ არხების დაბლოკვა მოითხოვა.

მანამდე, რუსეთის მედიის ზედამხედველმა ორგანომ, „როსკომნადზორმა“ დაბლოკა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ვებსაიტი, რაც წარმოადგენს ნაწილს ხელისუფლების მზარდი ზეწოლისა მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე, 19 სექტემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ.

ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა (FBK) 26 ივლისს ტვიტერით დაწერა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ასევე დაბლოკოს ე.წ. Smart Voting-ის სისტემა, რომელიც ნავალნის გუნდმა არჩევნებამდე შეიმუშავა, მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ დამარცხების მიზნით.

XS
SM
MD
LG