Accessibility links

site logo site logo

გიგი უგულავა: ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან


თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ეხმაურება „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას „შარლ მიშელის შეთანხმების" ანულირების შესახებ. პოლიტიკოსი ოპოზიციის საპასუხო მოქმედების შესახებ წერს.

  1. „ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან.
  2. ვადა უნდა მივცეთ ოცნებას, შესაბამისად მთავრობისგან გადაგდებულ უცხოელ პარტიორებს სივრცე, რომ დააბრუნონ „ოცნება" შეთანხმებაში.
  3. შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე „ოცნებასთან" საუბარი არ შეიძლება
  4. ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს დღეს „ოცნებამ" საქართველოში გააუქმა არჩევნები", - წერს „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გიგი უგულავა.

ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება „შარლ მიშელის შეთანხმების" შემდეგ მიიღეს. უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დღეს, 28 ივლისს, გამოაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა:

"რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო. მათ ამოძრავებდათ ერთადერთი მიზანი, დალოდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ პოლიტიკური საბოტაჟი, როგორც კი „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან საარჩევნო ზღურბლს გადალახავდა";

"რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს. 19 აპრილის შეთანხმების ცალკეული პუნქტებიც რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის გამოიყენებოდა";

"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს";

"დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ";

"თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია".

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას. შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ".

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე კვირის წინ განაახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა, ოპოზიციამ მმართველი პარტია "მიშელის შეთანხმების" დარღვევაში დაადანაშაულა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG