Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენოციდის უარმყოფელი კანონმდებლობის მუხლით ბოსნია-ჰერცეგოვინის პროკურატურამ რამდენიმე საქმე აღძრა


ბორის გრუბეშიჩი, ბოსნია-ჰერცეგოვინის პროკურატურის პრესმდივანი
ბორის გრუბეშიჩი, ბოსნია-ჰერცეგოვინის პროკურატურის პრესმდივანი

ბოსნია-ჰერცეგოვინის პროკურატურამ რამდენიმე საქმე აღძრა ახალი კანონის თანახმად, რომლითაც გენოციდის უარყოფა სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება.

როგორც პროკურატურის პრესმდივანმა ბორის გრუბეშიჩმა უთხრა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს, პროკურატურამ საჩივრების განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვალენტინ ინცკომ, პოსტის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარი უფლებამოსილებით შესაბამისი ცვლილება შეიტანა ბოსნიის სისხლის სამართლის კოდექსში.

„რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც 23 ივლისს გაეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა, ჩვენ რამდენიმე მოქალაქის საჩივარი მივიღეთ, ამიტომ ზოგიერთ მათგანზე საქმე უკვე აღვძარით“, - განაცხადა გრუბეშიჩმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი საქმეა აღძრული გენოციდის უარყოფის ფაქტზე.

ვალენტინ ინცკოს ეს ნაბიჯი განპირობებულია იმით, რათა აღიკვეთოს და სისხლის სამართლის მუხლით დაისაჯოს გენოციდის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და სხვა სამხედრო დანაშაულის უარყოფა.

ახალი საკანონმდებლო ნორმა ძალაში შევიდა 28 ივლისს, მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ბოსნია-ჰერცეგოვინის ოფიციალურ მაცნეში დაიბეჭდა.

პროკურატურამ მანამდე განაცხადა, რომ თვალს მიადევნებს სოციალურ ქსელსა და საჯარო სივრცეში პუბლიკაციებს იმ განცხადებების გამოსავლენად, რომლებშიც უარყოფილი ან მინიმიზებული იქნება ბოსნიაში ჩადენილი გენოციდისა და სამხედრო დანაშაულის ფაქტები.

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, გენოციდის უარყოფა ხუთწლიანი პატიმრობით ისჯება.


გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის ამ საკანონმდებლო ინიციატივას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ბოსნიელ სერბთა მხრიდან. მათმა ლიდერმა, ბოსნია-ჰერცეგოვინის სამწევრიანი საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა, მილორად დოდიკმა განაცხადა, რომ სერბები არ აპირებენ ცხოვრებას „ისეთ ქვეყანაში, რომელიც იმართება ვიღაცის მიერ მიღებული და თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კანონით“.

ამ ფონზე მილორად დოდიკმა კვლავ გაიმეორა თავისი მოწოდება, რომ საჭიროა გაიყოს ბოსნია-ჰერცეგოვინა, რესპუბლიკა სრპსკად, სადაც უმეტესწილად ეთნიკური სერბები ცხოვრობენ, და მუსლიმთა და ხორვატთა ფედერაციად.

XS
SM
MD
LG