Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში


აზერბაიჯანი და სომხეთი ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ სასაზღვრო რაიონში ცეცხლის გახსნაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ქელბაჯარის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებს. ერევანში აცხადებენ, რომ საპასუხო მოქმედების შედეგად, დილის 7 საათისთვის სროლა შეწყდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთს ადანაშაულებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მისი ინფორმაციით, სომხეთის არმიის ქვედანაყოფებმა ავტომატებით და ნაღმმტყორცნებით მიიტანეს იერიში აზერბაიჯანელ სამხედროებზე, რომლებმაც შეტევა საპასუხო ცეცხლით მოიგერიეს. მსხვერპლის შესახებ არცერთი მხარე არაფერს იუწყება.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი 28 ივლისსაც დაადანაშაულეს სასაზღვრო რაიონში განხორციელებულ თავდასხმებში. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დაიჭრა 2 სამხედრო.

28 ივლისს, საღამოს მხარეებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების შუამავლობით მიღწეულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენის შეთანხმება.

2020 წლის ნოემბერში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული რაიონების ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG