Accessibility links

site logo site logo

ვიოლა ფონ კრამონმა გააუქმა პარლამენტში ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები


ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააუქმა საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი ყველა შეხვედრა, რომელიც ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში უნდა გამართულიყო ყველა ფრაქციასთან და საპარლამენტო ჯგუფთან. კრამონმა საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 28 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, ოპოზიციის ნაწილთან აპრილში მიღწეული შეთანხმება.

მედიასთან ევროპარლამენტარი კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც გამართავს შეხვედრებს პარლამენტს მიღმა ქართველ პოლიტიკოსებთან და იმსჯელებს შექმნილ ვითარებაზე.

ჟან მონეს დიალოგი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის - ევროპული პარლამენტის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტია საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგისთვის.

ეს ფორმატი ევროპარლამენტის მხარდაჭერით შექმნილი ინტერპარტიული დიალოგის პლატფორმაა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე.

ჟან მონეს დიალოგი არ არის ერთჯერადი შეხვედრა, უფრო პროცესია, პრაგმატული კონსენსუსის მისაღწევად, რაც მოიცავს კონსულტაციებს პოლიტიკურ ლიდერებთან, კონკრეტული შედეგების მიღწევას და ასევე დიალოგის დროს ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ მეთვალყურეობას.

ევროპარლამენტმა ჟან მონეს დიალოგის მეთოდოლოგია პირველად 2016 წელს, უკრაინის ვერხოვნა რადასთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენა, მოგვიანებით კი - ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის და სერბეთის ეროვნული კრების მხარდასაჭერად. საქართველოს შემთხვევაში ჟან მონეს დიალოგი ნახსენები იყო "შარლ მიშელის დოკუმენტში", კერძოდ მე-4 პუნქტში საუბარია ევროპარლამენტთან თანამშრომლობაზე „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG