Accessibility links

site logo site logo

ალეკო ელისაშვილი სიცანცარეს უწოდებს მოწოდებებს ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „მიშელის შეთანხმების“ ანულირებით „ქართულმა ოცნებამ“ სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, თავი მოჭრა საქართველოს და სილა გააწნა ევროკავშირს და შარლ მიშელს.

ელისაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად პასუხისმგებლობას აკისრებს „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რომელმაც „მიშელის შეთანხმებას“ ხელი არ მოაწერა: „ზუსტად ერთნაირები არიან შინაარსით, ფერები აქვთ სხვადასხვა. თავისი პარტიული ჭუჭრუტანის იქით ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ქართული ოცნება“ ვერ იხედება“.

ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალია, მომავალ არჩევნებში მოსახლეობამ მხარი არ დაუჭიროს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“.

„მოქალაქეების“ ლიდერმა „ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსის სიცანცარე“ უწოდა მოწოდებებს, რომ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს.

„და რა ხდება მერე? შერცხვება ბიძინა ივანიშვილს, ან ირაკლი კობახიძეს, გაწითლდებიან?! მერე რა მოხდება?!“, – უთხრა დღეს პარლამენტში, ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა. მან ნაჩქარევი უწოდა, "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას, პარლამენტის დატოვების შესახებ.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG