Accessibility links

site logo site logo

გარემოებების შეცვლის გამო "ქართული ოცნებამ" შესაძლოა, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი შეცვალოს


მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნებამ" შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გადახედოს, რომელიც რამდენიმე თვის წინ პარლამენტში დარეგისტრირდა და მას ოპოზიციის დიდი ნაწილიც უერთდებოდა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

"უნდა გავითვალისწინოთ სხვა პოლიტიკური სუბიექტების აზრი, საზოგადოების აზრი და ამის შემდეგ უნდა ვთქვათ, რას ვაპირებთ... გარემოებები შეიცვალა და გამოჩნდა, რომ არათუ კონსესუსისკენ მივდივართ, არამედ კონფროტაციის უფრო მაღალ ხარისხზე მივდივართ...

არ ეკუთვნის პოლიტიკურ პარტიებს ეს ქვეყანა, ბევრჯერ მითქვამს, ეს არის ჩვენი მოსახლეობის, ხალხის ქვეყანა, რომელსაც ემსახურება პოლიტიკური პარტია, რომელსაც მანდატს აძლევს ხალხი და ამ მანდატით უნდა იმოქმედოს ყველამ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტში დარეგისტრირებული საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით:

  • საარჩევნო ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე მცირდებოდა;
  • 7-ის ნაცვლად 4 წევრი საკმარისი იქნებოდა საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად;
  • გენერალური პროკურორის ასარჩევად საჭირო იყო მინიმუმ 90 დეპუტატის ხმა.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG