Accessibility links

site logo site logo

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ადგილობრივი არჩევნები მაინც უნდა აქციოს რეფერენდუმად


ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი

პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ცნობით, „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივად ანულირების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შორის კომუნიკაცია და კონსულტაციები მიმდინარეობს. ზურაბ ჯაფარიძის თანახმად, ადგილობრივი არჩევნების გამართვის საკითხთან დაკავშირებით განიხილება არჩევნების ბოიკოტის ვერსიაც, თუმცა თავად უპირატესობას არჩევნებში მონაწილეობას და მის რეფერენდუმად ქცევას ანიჭებს.

„მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ გავიდა ამ შეთანხმებიდან, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი ვერსია საბოლოო ჯამში მაინც არის ოპოზიციის გასვლა ადგილობრივ არჩევნებზე და ამ ადგილობრივი არჩევნების მაინც ქცევა რეფერენდუმად. საბოლოო ჯამში პირველ რიგში ეს იქნება დემონსტრირება ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მეორე მხრივ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ამ ხელისუფლებას და ამ პოლიტიკურ ძალას ამ ქვეყანაში ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია. ეს არის გასაკეთებელი, ჩემი აზრით. ანუ მაინც გასასვლელია, მაინც საჩვენებელია, რომ „ოცნებას“ მხარდაჭერა აღარა აქვს საკმარისი იმისათვის, რომ მან ქვეყანა მართოს“, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „დილის საუბრებში“. მისი ვარაუდით, „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება ხელს შეუწყობს ოპოზიციის წარმატებულ კოორდინაციას. მისივე თქმით, თუ ოპოზიცია აქტიურად და მობილიზებული გავა ადგილობრივ არჩევნებზე, ეს გავლენას მოახდენს შედეგებზეც.

„დილის საუბრებში“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა ისიც, რომ როგორც არასდროს, ახლა ისეა დარწმუნებული იმაში, რომ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერა სწორი ნაბიჯი იყო და ბოლოს გამოვიდა ისე, რომ „ქართული ოცნების“ პროდასავლურობასთან დაკავშირებითაც ყველა კითხვას გაეცა საბოლოო პასუხი:

„ისე გამოვიდა რომ ბოლო შანსი იყო მიცემული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც და არგუმენტი აღარ დარჩათ აღარც ევროპელებს, აღარც ამერიკელებს, რომ რაღაცნაირად კიდევ გაამართლონ ოცნების ქცევა. პირდაპირ გადააგდეს ისინიც, როგორც გადააგდეს ყველა სხვა. და ამ თვალსაზრისით მგონია, რომ ბევრისთვის შეიძლება თვალის ამხელი ყოფილიყო, ვისაც რაღაცა ილუზიები კიდევ ჰქონდა დარჩენილი. ეს მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის გადატეხის თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, რომელმაც 28 ივლისს თქვა, რომ პარლამენტს ტოვებს.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას.

შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას, ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, ასევე, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". შეთანხმება მოიცავს დათქმასაც, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG