Accessibility links

site logo site logo

ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს


ელენე ხოშტარია და ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება მთლიანად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში და „ოქტომბრის რეფერენდუმის", 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ბრძოლაში.

„მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდე გადავდივარ ელენე ხოშტარიასთან ერთად, მეგობრებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამ ეტაპზე ტექნიკურად, ფორმალურად რჩებიან პარლამენტში, რათა აიძულონ "ქართული ოცნება" ბოლომდე მიიყვანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები.

"ჩემივე ძალიან პრინციპული თხოვნით, მიუხედავად წინააღმდეგობისა გუნდის შიგნით, ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე რჩებიან პარლამენტში", - განაცხადა ნიკა მელიამ ბრიფინგზე. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოქმედი პარლამენტი დაიშლება და ქართველი ხალხი ახალ ლეგიტიმურ პარლამენტს აირჩევს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პარლამენტის მანდატზე უარს ამბობს ასევე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, ხოლო დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია 23 ივლისს დაასახელა.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტს ვერ მიიღებდა. მმართველ პარტიაში 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG