Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: არანაირი ბოიკოტი, ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

"ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და რაც არ უნდა მოიგონონ, შეთხზან, ხელი მოაწერონ და მერე უკან წაიღონ, ჩვენი ბრძოლა არის პრინციპული და იქნება ბოლომდე“, - განაცხადა მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა, ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ თბილისი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებულმა ელენე ხოშტარიამ. „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ისიც, ოპოზიციის ამავე კოალიციის მიერ თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებული ნიკა მელიაც და პარტიებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბოლომდე ბრძოლას აპირებენ. „არანაირი ბოიკოტი“, - აცხადებს ელენე ხოშტარია:

"საერთოდ არ ვაპირებთ "ქართული ოცნების" დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი. ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. უნდა გვესმოდეს რა თქმა უნდა მათი გაყალბების სურვილებიც და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმაც და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებასა და კეთილდღეობაზე მიმართული“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. ბრიფინგზე ნიკა მელიამ ასევე განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება არასწორი იქნებოდა და არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლაა საჭირო. ამავე ბრიფინგზე მან თქვა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს და სრულად ერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში.

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, ხოლო დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ელენე ხოშტარია 23 ივლისს დაასახელა.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტს ვერ მიიღებდა. მმართველ პარტიაში 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. პარტიათა ნაწილი არც თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს გამორიცხავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG