Accessibility links

site logo site logo

ათზე მეტი მწერალი ბოიკოტს უცხადებს "ლიტერას" - მიზეზი ჟიურიში სამინისტროს წარმომადგენელის ჩასმაა


ეკა ქევანიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, რატი მუჯირი, ჯაბა ზარქუა, ტორესა მოსი, ეკენე კვირველია, გიორგი შონია, ნათია გიორგაძე, მათე სარალიშვილი, დავით ქაშიაშვილი, ნინო სამყურაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ზვიად კვარაცხელია, ანდრო დადიანი, ასევე დიზაინერი ნატალია ავალიანი კონკურს "ლიტერას" ეთიშებიან.

ყოველწლიურ კონკურსს, რომელიც "მწერალთა სახლის" ორგანიზებით ტარდება, თავდაპირველად ტორესა მოსმა და მათე სარალიშვილმა გამოუცხადეს ბოიკოტი მინისტრ წულუკიანის ხისტი პოლიტიკის გამო, სხვა ავტორებმა კი კონკურსში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი მას შემდეგ თქვეს, რაც ცნობილი გახდა, რომ კონკურსის 5 კაციან ჟიურიში ერთი წევრი მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამინისტრომ ჩასვა. იმ მწერლების სია, რომლებიც "ლიტერას" ეთიშებიან, ყოველ საათში იზრდება. მწერალთა სახლის ხელმძღვანელი, ნატაშა ლომოური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ასეთი შემთხვევა არასოდეს ყოფილა პრემიის არსებობის განმავლობაში და ძალიან რთული შესაფასებელია შექმნილი ვითარება.

"ის სახელი, რაც აქვს მწერალთა სახლს, "ლიტერას", ჩვენს სხვა პროექტებს, მრავალი წელი ვაკოწოწეთ და ვაშენეთ და ასეთი გადაწყვეტილებებით, შეიძლება უცბად დაინგრეს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მიუკერძოებლები და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ყველა მსხვილი პროექტი ყოველთვის სამინისტროს მხრიდან ფინანსდებოდა, არასოდეს არ ყოფილა ჩარევა მათი მხრიდან, მცდელობაც კი არ ყოფილა, კითხვაც არავის დაუსვამს, როგორ მუშაობს ჟიური" - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ნატაშა ლომოური.

მწერალთა სახლი სამინისტროს დაქვემდებარებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ლიტერას ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ სამინისტრო კონკურსში ამ ფორმით ჩაერია, თუმცა მინისტრის ბრძანება [N00007864], რომლითაც ჟიურის დაკომპლექტების წესი იცვლება არა მხოლოდ მწერალთა სახლს, სხვა დამოუკიდებელ ორგანიზაციებს (მაგალითად, კინოცენტრს) და სამინისტროს კონკურსებსაც მიემართება.

მწერალთა უკმაყოფილებას იწვევს არა მხოლოდ სამინისტროდან კანდიდატის შეთავაზება ჟიურის წევრად, არამედ ამ კონკრეტული კანდიდატის ვინაობაც - პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე საზოგადოებისთვის ცნობილია ანტიდასავლური განწყობებით და ლიოალური დამოკიდებულებით მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

"კულტურის სამინისტრომ მწერალთა სახლის ლიტერატურული პრემია "ლიტერას" ჟიურიში შეიყვანა თავისი წარმომადგენელი იოსებ ჭუმბურიძე, წულუკიანის მრჩეველი. სამინისტროს ობერპროკურორის ჩასმა ჟიურიში არა თუ ძალიან ცუდია, ზოგადად დიდ პრობლემას უქმნის ჟიურის მუშაობას და მის ობიექტურობას. ის აღვიძებს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების თავისუფლებაში სახელმწიფოს ჩარევის ყველაზე ბნელ აჩრდილებს" - წერს ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი და თვლის პროტესტი არა მხოლოდ მწერლებმა, ჟიურის დანარჩენმა წევრებმაც უნდა გამოხატონ და სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას ბოიკოტი გამოუცხადონ.

"ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მააგრამ ერთი "ზემოდან" დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში. ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. "ლიტერას" გულშემატკივრობით. მაგრამ არა. მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს" - ასე გამოეთიშა მწერალი და პოეტი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი პროტესტის ნიშნად ლიტერატურულ პრემიას. მისი წიგნი "ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება" წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში იყო წარდგენილი.

"დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ.

აქვე, სოლიდარობას ვუცხადებ „მწერალთა სახლს“ და მის თანამშრომლებს, რადგან მგონია, რომ „ბიძინას გაუმა...“ მყვირალა მინისტრის გადაწყვეტილება, უპირველესად ამ ორგანიზაციის დიდ იდეასა და სულისკვეთებას აზიანებს და ებრძვის" - დაწერა პოეტმა ირაკლი კაკაბაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე, მას შემდეგ რაც მწერალთა სახლმა თქვა, რომ კონკურსის ჟიურის ვინაობის გამხელა დაჯილდოების ცერემონიალამდე მათ სამინისტრომ დაავალდებულა. მას სამინისტროს ქცევამ "ბოლშევიკური წესი" მოაგონა. ირაკლი კაკაბაძის "ამაღლების ქუჩა"-ც წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში იყო წარდგენილი.

მთარგმნელი მაია ბადრიძე იხსენებს, როგორ უთხრა მას ჰოლანდიელმა კოლეგამ, რომელსაც ექსტრემისტები სალმან რუშდის თარგმნის გამო თავის მოჭრით ემუქრებოდნენ, რომ თუკი თავისუფლების ერთ ნაბიჯს დათმობ დღეს, ხვალ მას მთლიანად წაგართმევენ. მაია ბადრიძე არა მხოლოდ პრემია ლიტერას, კულტურის სამინისტროს უცხადებს სრულ ბოიკოტს.

სამინისტროში კითხვებს არ პასუხობენ, განმარტებას არც მწერლებთან თვლიან საჭიროდ, კრიკიტას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და ამბობენ მხოლოდ იმას, რომ სამინისტრო კონკურსში არ ერევა და "ამ კონკურსთან სამინისტროს მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი არის სამინისტროს წარმომადგენელი". უწყება ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ კონკურსის ჩასატარებლად მწერალთა სახლს 50 000 ლარი გადაურიცხეს და ამ თანხას მწერალთა სახლი დამოუკიდებლად განკარგავს.

ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. 6 ნომინაციაში გამარჯვებული იღებს ფულად პრემიას 5 000 ლარის ოდენობით. ამ დროისათვის არსებობს მხოლოდ საკონკურსო "გრძელი სია" და ჟიურიმ 70-ზე მეტი წიგნიდან და ავტორიდან უნდა შეადგინოს საკონკურსო მოკლ სია, რომლიდანაც გამარჯვებულებს გამოავლენს. ლიტერა ორკომპონენტიანია და გარდა ქართული თანამედროვე ორიგინალური ლიტერატურისა, მთარგმნელებისთვისაც ტარდება. თარგმანის საკონკურსო ჟიურისთვის წევრად ვის აარჩევს სამინისტრო, ამ დრომდე უცნობია თავად მწერალთა სახლისთვისაც.

ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მომუშავე სპეციალისტები სამინისტროსგან წლებია ითხოვენ, არა მხოლოდ დამოუკიდებელი სიპების კონკურსების ავტონომიურობის შენარჩუნებას, არამედ სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსების გარეშე პირებით, სფეროს სპეციალისტებით დაკომპლექტებას და კონკურსის პირობების მეტ გამჭვირვალობას. სამინისტროს პოლიტიკა და ხედვა კულტურის მუშაკების ხედვისა და პოლიტიკისგან განსხვავდება. ქაოტური კონკურსების ორგანიზების გარდა, რომელთა კრიტერიუმებიც მკაფიო არ არის, პრიოტიტეტები დაუდგენელია, კულტურაზე მათი გავლენა კი შეუფასებელი, სამინისტრო არსებულ, ტრადიციულ კონკურსებშიც ცდილობს ცვლილებების შეტანას.

თუკი ლიტერასა და კინოცენტრის კონკურსებში ჟიურიში სამინისტროს წარმომადგენელს ნიშნავს მინისტრი წულუკიანი, იაკობ გოგებაშვილის პრემია საყმაწვილო ლიტერატურაში სრულად ჩამოართვა მწერალთა სახლს და "შემოქმედებით საქართველოს" გადასცა, რომლის ხელმძღვანელიც ირმა რატიანია. ირმა რატიანი, ლიტერატურის ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი სამინისტროს უწყებებში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მინისტრ მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით გაუქმდა წიგნის ეროვნული ცენტრი და გაჩნდა იდეა, შექმნილიყო 50 მილიონიანი კულტურის ფონდი, რომელსაც კონკურსების მართვაც უნდა შეეთავსებინა. საბოლოოდ ირმა რატიანი "შემოქმედებითი საქართველოს" ხელმძღვანელი გახდა მას შემდეგ, რაც ამ უწყების ხელმძღვანელმა თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ შემოქმდებითი საქართველო პირვანდელ მიზნებს აღარ ასრულებდა.

"მე არ მაქვს პასუხი, ვერ მივაღწიე რომ პასუხი გამცეს ვინმემ სამინისტროდან, რატომ ხდება ასეთი ცვლილებები. ძალიან მინდოდა გოგებაშვილის პრემიის დაცვა, ჩვენი დაფუძნებულია სამინისტროსთან ერთად გოგებაშვილის პრემია და ისე გადაეცა "შემოქმედებით საქართველოს", არავის აუხსნია ამის მიზეზი" - ამბობს ნატაშა ლომოური ჩვენთან საუბრისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG