Accessibility links

site logo site logo

ვაშაძე მიშელს მიმართავს: დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თქვენი აქტიური ჩართულობა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიმართავს ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკოსი იხსენებს შარლ მიშელთან ბათუმში გამართულ ბოლო შეხვედრას და განცხადებას იმის შესახებ, რომ დიპლომატიური ენა არ არის საკმარისი.

„განვაცხადეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმების ცალკეული ნაწილის დარღვევის შესახებ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა შეთანხმების სრულად შესრულებას. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დიპლომატიური ენა, არ არის საკმარისი, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისი დასტურიც არის ცალმხრივად ამ შეთანხმებიდან გასვლა. დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თქვენი აქტიური ჩართულობა, რათა თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისი და პროცესების რადიკალურად განვითარება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესში შედის“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც მხოლოდ მკაფიო და მკვეთრი გზავნილები და აღსრულების მექანიზმები აიძულებს, შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

გიორგი ვაშაძე მზად არის შარლ მიშელთან ერთად კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად.

„ვადასტურებთ მზაობას, თქვენთან ერთად მივიღოთ კონსულტაციებში მონაწილეობა. გთხოვთ დროული რეაგირებისა და ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებისკენ, რათა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას დემოკრატიული გზით განვითარების და ხალხის მიერ არჩეული პროდასავლური კურსის უზრუნველყოფის”, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შარლ მიშელი განცხადებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ანულირებულად გამოეცხადებინა 19 აპრილის დოკუმენტი. მიშელი ყველა მხარეს მოუწოდებს პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესები.

პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 28 ივლისს გამოაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა:

"რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო. მათ ამოძრავებდათ ერთადერთი მიზანი, დალოდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ პოლიტიკური საბოტაჟი, როგორც კი „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან საარჩევნო ზღურბლს გადალახავდა";

"რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს. 19 აპრილის შეთანხმების ცალკეული პუნქტებიც რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის გამოიყენებოდა";

"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს";

"დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ";

"თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია".

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას. შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ".

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე კვირის წინ განაახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა, ოპოზიციამ მმართველი პარტია "მიშელის შეთანხმების" დარღვევაში დაადანაშაულა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG