Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ივლისს "ფორმულას" ფოტოგრაფ ვახო ქარელზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს


5 ივლისს "ფორმულას" ფოტოგრაფ ვახო ქარელზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად მიმართა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ და გ.ხ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე "ცხრა აპრილის" ბაღში, ტელეკომპანია "ფორმულას" ოპერატორს ჟურნალისტური საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - აცხადებენ შსს-ში.

ვახო ქარელი სამსახურში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე 27 პირი;
  • "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე - 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

ძალადობრივი ჯგუფს წევრები სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით რუსთაველის გამზირზე "ღირსების მარშის" გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. რამდენიმე ათასი ადამიანი თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ უბანში გადაადგილდებოდა და ძალადობდნენ ჟურნალისტებზე. ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ დაიცვა მათი უფლებები. იმ დღეს მინიმუმ 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 ჟურნალისტია. ჟურნალისტების ნაწილი ამ დრომდე ვერ დაუბრუნდა სამუშაო გარემოს, მათ ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG