Accessibility links

site logo site logo

ივანე ჩხაიძის თანახმად, შემცირებულია ბავშვებში COVID-19-ის მძიმე შემთხვევები


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით შემცირებულია მძიმე შემთხვევების ნაკადი პედიატრიულ კლინიკებში.

მისი სიტყვებით, რამდენიმე პედიატრიული კლინიკა ხელახლა ჩაერთო პროცესში, ეს იყო კლინიკები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ემსახურებოდნენ არაკოვიდინფიცირებულებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე პედიატრიული კლინიკა ინტენსიურად ჩაერთო COVID-19-ის მართვის პროცესში, რამაც საშუალება მოგვცა, შეგვემცირებინა წნეხი ძირითადად პედიატრიულ სტაციონარებზე“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.

მისი სიტყვებით, ამჟამად პედიატრიული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა არ დგას.

„ასევე არ დგას მძიმე პაცინენების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტების საწოლები საკმარისია პაციენტების მისაღებად, ხელოვნური სუნთქვის აპარატები ასევე საკმარისია მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, სადაც არის ბავშვთა საავადმყოფო ძალიან სერიოზული კრიტიკული დეპარტამენტით. დღევანდელი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, უფრო ნაკლებად მძიმეა, ვიდრე ეს იყო 10-15 დღის წინ“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში, ყოველ 10 ინფიცირებულზე ერთი ბავშვი მოდის. შესაბამისად, თუკი ქვეყანაში ყოველდღიურად გვყავს 3000 ინფიცირებული, მათგან 300 ბავშვია.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 39 126 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2712 შემთხვევა. მათგან 1243 თბილისში. რეგიონებს შორის ყველაზე მეტი - 419 შემთხვევა აჭარაშია.

ბოლო დღე-ღამეში 1561-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 14 738 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 464 875 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 153 128.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 416 338 შემთხვევა. მათგან 381 246 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5793 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG