Accessibility links

site logo site logo

ხათუნა ზახაშვილი: რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს პედაგოგმა, რომელიც ანტივაქსერია?!


ხათუნა ზახაშვილი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი სასწავლო პროცესის განახლებამდე მნიშვნელოვნად მიიჩნევს პედაგოგთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაციას. დღეს, 30 ივლისს გამართულ ვებინარზე მან საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ ადამიანებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და ანტივაქსერი პედაგოგების მიმართ მკვეთრი განცხადებაც გააკეთა:

„ცოტა გაურკვეველია, რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს პედაგოგმა, რომელიც ანტივაქსერია და მიიჩნევს, რომ ვაქცინა არ არის შექმნილი კაცობრიობის საკეთილდღეოდ. მაშინ როდესაც ვაქცინაზე უკეთესი შედეგი კაცობრიობის კეთილდღეობისთვის თითზე ჩამოსათვლელია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ალბათ გადალახვადი სირთულეა მაინც და მგონია, რომ სექტემბრამდე მაინც მაქსიმალურად მოხდება პედაგოგების მობილიზაცია ამ მიმართულებით და ისინი ჩაიტარებენ ვაქცინაციას“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. მისი მიმართვის ადრესატები გახდნენ ასევე ის მშობლებიც, რომელთა შვილებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი. ხათუნა ზახაშვილის თანახმად, მაღალკლასელების აცრაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სკოლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

„ამ მოზარდების აცრა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ლაპარაკი გვაქვს სასკოლო პროცესების აღდგენაზე და სრულფასოვნად წარმართვაზე სექტემბრიდან. თუ ამ ასაკის ბავშვები იქნებიან მაქსიმალურად აცრილები პედაგოგებთან ერთად, ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სასკოლო პროცესის უსაფრთხოებას.

მოვუწოდებ ყველა მშობელს, ვისაც ჰყავს ამ ასაკის შვილი და მათ პედაგოგებს, რომ დროულად ჩატარდეს ვაქცინაცია 16 წლისა და ზედა ასაკის მოსწავლეებში, ასევე სკოლის მასწავლებლებში“, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა ოთხი პრეპარატითაა შესაძლებელი. ესენია "სინოვაკი", "სინოფარმი", "ასტრაზენეკა" და "ფაიზერი". მათ შორის "ფაიზერით" აცრა ნებადართულია 16 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფშიც.

30 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში 15 მარტიდან გაკეთებულია 464 875 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 153 128. საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3.7 მილიონია.

ერთ დღეში ყველაზე მეტი, 17 133 აცრა 28 ივლისს გაკეთდა, მაშინ როცა დაგეგმილი სამიზნე მაჩვენებელი 20-30 ათასია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG