Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ჰაკერთა ანონიმურმა ჯგუფმა წვდომას მიაღწია ქვეყნის ყველა საპასპორტო მონაცემზე


ბელარუსის „კიბერპარტიზანი“ - ჰაკერთა ჯგუფი
ბელარუსის „კიბერპარტიზანი“ - ჰაკერთა ჯგუფი

ჰაკერთა ანონიმური ჯგუფი ბელარუსში, „კიბერპარტიზანი“ - მოძრაობა წინააღმდეგობის (Супраціў) ნაწილი, ამტკიცებს, რომ ამ ქვეყნის ყველა მოზრდილი მოქალაქის საპასპორტო მონაცემებზე წვდომას მიაღწია.

მათ მიერ მოპოვებულ მონაცემთა ბაზაში ინახება 11 მილიონი ჩანაწერი. ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეპროექტის არხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“.

თავიანთი სიტყვების დასტურად ჰაკერებმა „ტელეგრამით“ გამოაქვეყნეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლიდია ერმოშინას, რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარის ნატალია კაჩაენოვას, ბელარუსის უშიშროების სამსახურის, კა-გე-ბეს, ხელმძღვანელის, ივან ტერტელის და ალექსანდრ ლუკაშენკას პასპორტები.

მონაცემთა სავარაუდო წყაროა საინფორმაციო სისტემა „პასპორტი“, რომელიც ემსახურება მილიციის და საპასპორტო-სავიზო სამსახურების ქვეგანყოფილებებს.

თუ ჰაკერების ეს თავდასხმა დადასტურდა, ის იქნება უდიდესი ასეთი ჰაკერული იერიში, სულ მცირე, ბოლო წლებში.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტმა, რათა მათი მტკიცების ნამდვილობა შეემოწმებინა, ჰაკერებს მოსთხოვა, მოეძებნათ ესა თუ ის ინფორმაცია და მათ დაუყოვნებლივ მიაწოდეს შესაბამისი ცნობები.

ბელარუსის მოქალაქის პასპორტი გამოიყენება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც და მისი მიღება შეუძლიათ ბავშვებსაც.

„საპასპორტო მაგიდები“ დოკუმენტების მფლობელთა შესახებ მგრძნობიარე ინფორმაციას, მათ ფოტოებს, მისამართებს, სამუშაოს შესახებ ცნობებს და სხვა მასალას ინახავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG