Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch მოუწოდებს ირანს საპროტესტო გამოსვლებისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისა და დარღვევების გამოძიებისკენ


საპროტესტო გამოსვლა თეირანში
საპროტესტო გამოსვლა თეირანში

Human Rights Watch-მა (HRW) მოუწოდა ირანის ხელისუფლებას "დაუყოვნებლივ და უპირობოდ" გაათავისუფლოს ხუზესტანსა და სხვა პროვინციებში წყლის უკმარისობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში დაკავებული ადამიანები და გამოიძიოს მომაკვდინებელი ძალის ბოროტად გამოყენება.

დემონსტრაციები 15 ივლისს დაიწყო ათობით მცირე და დიდ ქალაქში ხუზესტანში, პროვინციაში, სადაც მრავალრიცხოვანი ეთნიკურად არაბი მოსახლეობაა. მღელვარება შემდეგ უკვე ირანის სხვა რეგიონებზეც გავრცელდა და თეირანის ნაწილებიც მოიცვა - ირანში ბოლო, სულ მცირე, 50 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი გვალვის ფონზე, რამაც ელექტროენერგიის გათიშვები გამოიწვია კვირების განმავლობაში.

ირანის ნავთობის მრეწველობაში მომუშავე ათასობით ადამიანი გაიფიცა უკეთესი ხელფასისა და სამუშაო პირობების მოთხოვნით. მათგან, სულ მცირე, 9 ადამიანი, გადმოცემის თანახმად, მოკლეს და ბევრი სხვა დააკავეს საპროტესტო გამოსვლების დროს.

"გარდაცვლილთა მზარდი რიცხვი და მასობრივი დაპატიმრებები სერიოზულ შეშფოთებებს იწვევს ხუზესტანსა და სხვა პროვინციებში ბოლოდროინდელ საპროტესტო გამოსვლებზე ხელისუფლების საპასუხო ქმედებებთან დაკავშირებით," - ნათქვამია Human Rights Watch-ის განცხადებაში, რომელიც 30 ივლისს გამოქვეყნდა. გვალვასთან ერთად, ირანის ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა აშშ-ის სანქციებმა და კოვიდ-19-ის პანდემიამ.

ინფლაცია ყოველწლიურად 50 პროცენტს აჭარბებს და იზრდება უმუშევრობა. პენსიონერები პროტესტს გამოთქვამენ და როგორც იტყობინებიან, არის ხელფასების შეფერხებების შემთხვევები.

"ძირითადი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ფართოდ გავრცელებულ მოთხოვნებზე, ირანის პოლიტიკური ლიდერების რეაქცია ძირითადად, არის უკონტროლო რეპრესიები",- განაცხადა ტარა სეფერი ფარმა, Human Rights Watch-ის ირანის საკითხების მკვლევარმა.

XS
SM
MD
LG