Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რაც უფრო დიდხანს რჩებოდა "ენმ" ხელისუფლებაში, მით უფრო ავტორიტარული ხდებოდა, "ქართული ოცნებაც" ასეა


აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება, მათ შორის, მწერლების პროტესტს კულტურის მინისტრის "პარტიული კონტროლის" მცდელობაზე. ის ამბობს, რომ "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რაც უფრო დიდხანს რჩებოდა ხელისუფლებაში, მით უფრო ავტორიტარული ხდებოდა, ახლა ასეა "ქართული ოცნებაც".

მუდმივად ხარვეზებით ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ უფრო შეარყია საქართველოს დემოკრატია", - წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი.

დიპლომატი იმავე დღეს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ანულირებულად გამოეცხადებინა "შარლ მიშელის დოკუმენტი".

"პოლიტიკური ჩავარდნები - ზოგიერთის უარი საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე, მუდმივი საარჩევნო ხარვეზები, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისის იგნორირება - აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს", - წერს უილიამ კორტნი ტვიტერში.

ყოფილი ელჩის შეფასებით, საკითხი სისტემურია და სიტუაცია შეიძლება ახალმა, სამართლიანად ჩატარებულმა არჩევნებმა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობამ გამოასწოროს.

უილიამ კორტნის გარდა, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების არადემოკრატიულობაზე, რამდენიმე დღის წინ, ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG